"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. განცხადება ამის შესახებ საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
"პარტიის ხელმძღვანელობა სრულად დაესწრება ამ ღონისძიებას და შესაბამისად იქნება წარმოდგენილი ბიძინა ივანიშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე" - ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, პრეზენტაციას პოლიტიკოსების გარდა, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეებიც დაესწრებიან. პრეზენტაცია კი კოჯორში, დილის 11 საათზე დაიწყება.
"პანდემიადან გამომდინარე,განსხვავებული ფორმატით გვიწევს კამპანიის გახსნა. იცით რომ წინა წლებში საკმაოდ მასობრივი და მასშტაბური ღონისძიებებით ვიწყებდით კამპანიას. იყო მრავალათასიანი შეკრებები, თუმცა ასეთ დროს ბუნებრივია უპასუხისმგებლობა იქნება ჩვენი მხრიდან მრავალათასიანი შეკრების ჩატარება აქედან გამომდინარე ავირჩიეთ განსხვავებული ფორმატი. სამწუხაროდ ყველა მხარდამჭერს და დაინტერესებულ პირს არ ექნება იმის საშუალება რომ დაესწრონ ამ ღონისძიებას" - განმარტა კობახიძემ.
ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის პირველი საჯარო გამოჩენა რამდენიმე თვის შემდეგ. ივანიშვილი პანდემიის დროს, მხოლოდ სოციალურ ქსელებში ჩანდა.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დღეს დაამტკიცა.