ბაჩალიაშვილის "შეყვარებული" ბაჩანა ლობჟანიძე - ახალი მოწმე პროგრამისტის საქმეში

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის დედა არ ენდობა პირს, რომელიც ამტკიცებს, რომ შვილის ახლო მეგობარი იყო და მისი საქმის გამოძიებით დაინტერესებულია. ეს ეჭვი თეონა თამაზაშვილს პირველად მაშინ გაუჩნდა, როცა ბაჩანა ლობჟანიძემ კატეგორიულად მოსთხოვა უარი ეთქვა ამერიკის საელჩოსთან აქციის მოწყობასა და FBI -ის საქმეში ჩართვის მოთხოვნაზე. თეონა თამაზაშვილმა ლობჟანიძესთან მიმოწერა "მთავარ არხთან" გაასაჯაროვა. 

ამ მიმოწერის შემდეგ, მეორე დღეს ბაჩანა ლობჟანიძე ტელეეკრანებზე ვრცელი ინტერვიუებით გამოჩნდა. ლობჟანიძე ამტკიცებს, რომ თამართან 5 წლიანი ახლო მეგობრობა აკავშირებს, თუმცა მის პირად Facebook გვრდზე მეგობრის არცერთი ფოტო აქვს. ბაჩანას არც იცნობს, არც თამარის ახლო მეგობარი დეა კაპანაძე. 

ბაჩანა ლობჟანიძე ამტკიცებს, რომ კრიმინალური პოლიციის პარალელურად დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს და საკვანძო კითხვებზეც აქვს პასუხი. მისი თქმით, თამარის გარდაცვალების საქმეში მთავარი ხაზი კომპანია ZAG-ს უკავშირდება. ამტკიცებს, რომ კომპანია ლეგალური საქმიანობის მიღმა უკანონო საქმიანობასაც ეწევა. 

რა არის საქმიანობა, რომელზეც ბაჩანა ლობჟანიძე ამბობს, რომ ქართული მენტალობისთვის მიუღებელია? - ჟურნალისტი ელისო კილაძე ამბობს, რომ თამარის შეყვარებულის როლზე დამტკიცებული ლობჟანიძე სახელისუფლებო პიარმანქანის სასარგებლოდ მუშაობს და საზოგადოების დარწმუნებას ცდილობს, რომ გოგო არალეგალურ საქმიანობას ეწეოდა. ლობჟანიძე ამ ვერსიაზე კილაძეს კამერების მიღმა ესაუბრა.

ეჭვს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე შესაძლოა, მართლაც მიზანმიმართულად ავრცელებდეს ამ ვერსიას კიდევ ერთი ფაქტი ამყარებს. "მთავარი არხი" ლობჟანიძისა და ბაჩალიაშვილის კურსელს დაუკავშირდა. მარიამ ვარდიაშვილი, რომლის დაკითხვასაც ლობჟანიძე ითხოვს, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ბაჩანა გასულ წელს სულ სხვა გოგოთი იყო დაინტერესებული და მარიამს სწორედ მის გაცნობაში დახმარებას სთხოვდა.

ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე გამოძიებამ არაერთხელ დაკითხა, თუმცა მისი პიროვნების, თამართან რეალური კავშირისა და რეალური მიზნების  დასადგენად კიდევ ერთხელ დაიკითხება. რაც შეეხება ZAG-ს, ბაჩანა ლობჟანიძის შესახებ კითხვები აქვთ კომპანიაშიც და მას მოგზავნილს უწოდებენ.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. პირადი კომპიუტერი, რომელიც მას კომპანია ZAG-მა უყიდა და საიდანაც ოჯახი საქმიან ფაილების ამოღებას ელოდა ცარიელია. ბაჩალიაშვილებმა დღეს კრიმინალურ პოლიციაში მიიღეს პირობა, რომ საქმეში FBI ჩაერთვება. ოჯახი ახლა ითხოვს, გარდაცვლილის ავტომობილი მხოლოდ ამერიკელი ექსპერტების ჩამოსვლის შემდეგ გაიხსნას.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი