"დღეს განხორციელებულ ძალადობრივ აქტებზე სრული პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება "ქართულ ოცნებას" | "ლელო"

გამოქვეყნდა:

"დღეს განხორციელებულ ძალადობრივ აქტებზე, რომლის მიზანია საქართველოს ევროპული პერსპექტივის განადგურება, სრული პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება ''ქართულ ოცნებას'', - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, რომლითაც პარტია დღეს, 8 ივლისს "პრაიდ-ფესტის" ჩაშლას და მოძალადე რადიკალების შეკრებას ეხმაურება.

''თბილისში დღეს დატრიალებულმა ძალადობრივმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად ჩამოშლილია და არ იცავს მოქალაქეთა თავისუფლებას და უსაფრთხოებას. 

დღეს ძალოვანი უწყებები ემსახურება არა საქართველოს და მისი მოქალაქეების, არამედ მმართველი გუნდის ინტერესებს, ვისი მმართველობაც პირდაპირ ემყარება ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც საქართველოში კრემლის სცენარს "ქართული ოცნების" დაკვეთით ასრულებენ. 

ყველა დღე, როცა ძალადობრივი ჯგუფები წარმატებით ახერხებენ საქართველოს კონსტიტუციისა და სამოქალაქო თავისუფლების ფეხქვეშ გათელვას, წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს და საქართველოს სტაბილური მომავლის საბოტაჟს. 

დღეს განხორციელებულ ძალადობრივ აქტებზე და სისხლის სამართლის დანაშაულებზე, რომლის მიზანია სამოქალაქო დაპირისპირების კერების გაღვივება და საქართველოს ევროპული პერსპექტივის განადგურება,  
სრული პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება "ქართულ ოცნებას".

დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქართველი ხალხის უმთავრესი ამოცანაა, დროულად დასრულდეს "ქართული ოცნების" მმართველობა, რომელიც წარმოადგენს ქაოსის, სამოქალაქო დაპირისპირებისა და უკუსვლის მთავარ წყაროს.'' - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, 8 ივლისს განვითარებულ მოვლენებს, პარტია ''ლელო საქართველოსთვის'' - გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ/ვერ ასრულებს თავის ფუნქაციას, რომ დაიცვას ადამიანები, მათი გამოხატვის და შეკრების თავისუფლება''.

შეგახსენებთ, დღეს 8 ივლისს პრაიდის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება კერძო ტერიტორიაზე, დახურულ ფორმატში უნდა გამარტულიყო. კვირების განმავლობაში პრაიდის ორგანიზატორებს მოლაპარაკებები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. უწყება მათ მოძალადე ჯგუფებისგან დაცვის გარანტიებს აძლევდა, თუმცა დღეს ადგილზე, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, რადიკალი ჰომოფობი ჯგუფები მიიჭრნენ, გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რის გამოც, თბილისი პრაიდი უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი