საერთაშორისო ორგანიზაციების მკაცრი და კრიტიკული გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას - მსოფლიოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების 5 გავლენიანი გაერთიანება აცხადებს, რომ გასული წლის დეკემბერში კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის კონკურსი კანონდარღვევით ჩატარდა და გაჩნდა ეჭვები მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.
გავრცელებულ წერილში პირდაპირ წერია, რომ საავტორო უფლებათა ასოციაცია პროცედურული ხარვეზის გამო არ დაუშვეს კონკურსზე, რაც არათანაბარ და არასამართლიან გარემოზე მიუთითებს.
საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ საქპატენტს და ხელისუფლების პირველ პირებს, გააუქმონ პროცედურა და შესაბამისმა უწყებამ თავიდან იმსჯელოს აკრედიტაციის მინიჭების საკითხზე.
"მსოფლიოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა ორგანიზაციების 5 ქოლგა გაერთიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს და საქპატენტს ერთობლივი წერილით მიმართავს.
ქოლგა გაერთიანებები, საქართველოში რუსეთის მიერ შექმნილი ორგანიზაციისთვის (GERA - ახალი სახელი IPOA) მინიჭებული აკრედიტაციის გაუქმებას და კონკურსის ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ, რადგან პროცესი არასამართლიანად და გაუმჭვირვალედ წარიმართა.გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას საქპატენტის მიერ 2023 წლის 29 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლითაც, GCA (საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია) პროცედურული ხარვეზის გამო გამოეთიშა კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის კონკურსს.
საქპატენტის გადაწყვეტილება ბადებს სერიოზულ კითხვის ნიშნებს არა მხოლოდ პროცესის სამართლიანობაზე, გამჭვირვალობაზე და თანაბარ, არადისკრიმინაციულ მოპყრობაზე, არამედ, ასევე ახდენს ძალიან მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის სფეროს მომავალზე.
საქართველოს მთავრობისგან მკაცრად მოვითხოვთ სიტუაციაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას. აკრედიტაციის პროცესი უნდა ჩატარდეს ხელახლა, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე და ქვეყანაში არსებულ ყველა ორგანიზაციას უნდა მიეცეს თანაბარი წვდომა მასზე.“ ნათქვამია წერილში.
ხელმომწერები:
1. ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაცია - CISAC
2. რეპროდუცირების უფლებათა ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაცია - IFRRO
3. შემსრულებელთა უფლებების კოლექტიური მართვის საზოგადოებათა საბჭო - SCAPR
4. დამოუკიდებელ მუსიკალურ გამომცემლობათა საერთაშორისო ფორუმი - IMPF
5. ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაცია - IFPI.
შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში ჩატარებული კონკურსის შემდეგ, მხოლოდ აკრედიტაცია მხოლოდ ორგანიზაცია IPOA-ს მიენიჭა, რომელიც ადრე "გერას" სახელწოდებით ფუნქციონირებდა და რომელიც რუსეთთანაა დაკავშირებული.
"იპოას" წარმომადგენელი ამბობს, რომ საქპატენტი კანონის შესაბამისად მოიქცა და გამარჯვებაც ობიექტურად მოიპოვეს.