მცხეთის რაიონულ სასამართლოში ვახტანგ ჩიქოვანის, არჩილ გაგნიძისა და ნიკოლოზ რევაზიშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა გრძელდება. სახელმწიფო ბრალდება ამ პირებს გიორგი შაქარაშვილის მეგობრისთვის, გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. მათ ბრალი ედებათ ჯგუფურ ძალადობაშიც.
დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს, სასამართლოს მიმართეს მსჯავრდებულებმაც, რომლებსაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის 16 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი. ისინი ამბობენ, რომ სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვთ და მათ მიმართ უსამართლო განაჩენია გამოტანილი, რადგან, მათი თქმით, მოსამართლემ სასჯელი მტკიცებულებების გარეშე მიუსაჯა.
აქ ბევრს გონია, ბევრ ადამიანს, რომ რაღაცა მოსანანიებელი გვაქვს და ჩვენ არაფერი არ გვაქვს მოსანანიებელი. ჩვენთან მოინანიოს ყველა იმ მოსამართლემ, ვინც გაგვასამართლა ტყუილად და უსამართლოდ. თქვენ ერთი მოწმე არ გყავთ რომელიც ხელს დაგვადებს, რომ, აი, ვახო ჩიქოვანმა, არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა მოკლეს ეს ადამიანი. ვერცერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეთ..., - ამბობს ერთ-ერთი ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 3 პირს სასჯელის სახედ 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული, ხოლო ორს, როგორც არასრულწლოვნებს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა.
რაც შეეხება საქმის კიდევ ერთ ეპიზოდს, გამოძიება ამბობს, რომ ორჯერ თავდასხმის შემდეგ, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ და არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიმალნენ. მსჯავრდებულებმა დამალული ერთ-ერთ დაზარალებული იპოვეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილში და მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვეს.
ორი ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მათ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
სამი ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა), ერთი 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა). მათ საბოლოოდ 5 წლით და 3 თვით, ხოლო ერთს - 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.