"ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ დაადასტურა მანამდე "დროას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა მასთან შეხვედრის დროს ისაუბრა აფხაზეთის კონფედერაციაზე.
"დროა" ამბობს, რომ ხიდაშელმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე.
ვოლსკიმ თქვა, რომ საუბარი შეეხო 2011 წელს, რუსეთთან და შვეიცარიასთან დადებული შეთანხმებიდან გამომდინარე, თუა შესაძლებელი სატრანზიტო მოძრაობა აღდგეს. თუმცა, დეპუტატი ამტკიცებს, რომ ხიდაშელმა თავადვე თქვა, რომ დღევანდელ ვითარებაში, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რაიმე მოლაპარაკება საერთაშორისო მონაწილეობით რუსეთთან გამორიცხულია.
უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ხიდაშელის გავლით, ამ საკითხებთან დაკავშირებით, არანაირი გეგმები არ გააჩნიათ.
"მე ველაპარაკე ბატონ გიას ამ თემასთან დაკავშირებით, დაწვრილებით ვისაუბრეთ, მეტიც, ამ თემასთან დაკავშირებით და პირდაპირ შემიძლია დაგიდასტუროთ, დავით ხიდაშელის გავლით, ჩვენ ამ საკითხებთან, ამ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, არანაირი გეგმები არ გაგვაჩნია", - თქვა მდინარაძემ.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ დავით ხიდაშელი ვერ იქნება სანდო საქართველოს სახელმწიფოსთვის, რადგან ის რუსეთის ინტერესებს ატარებს.
"ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, წინა არჩევნებზე ხიდაშელმა რუსეთის დავალებით გარკვეული როლი ითამაშა პროცესებში, როცა გარეჯზე კამპანიის წარმოებაში დაეხმარა "ოცნებას" - "მე ვფიქრობ, რომ ის ალბათ ამჯერადაც ჩამოსულია კონკრეტული დავალებებით რუსეთიდან".