აქციის მონაწილეების მსვლელობის დაწყების პარალელურად, კანცელარიასთან სპეცრაზმმა მობილიზაცია გამოაცხადა. ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიციისა და გდდ-ის გადაადგილებებია.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ თუ აქციის მონაწილეები გასცდებიან პროტესტის მშვიდობიან ფორმებს, "პოლიცია იმოქმედებს შესაბამისად".
"როდესაც აქცია მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და არ სცდება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონით დადგენილ ნორმებს, პოლიცია არის სტანდარტულად მშვიდ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რაიმე სახის სამართალდარღვევა, ძალადობა კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ამ ეტაპისათვის პოლიცია დგას. არანაირი განკარგულება არ აქვს, გარდა ერთისა, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად" თქვა სირაძემ.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებისთვის მიცემული 1 საათიანი ვადა ამოიწურა, აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი პრემიერ კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვენ. დემონსტრანტებს კიდევ ორი მოთხოვნა აქვთ - გაიწვიოს "ოცნებამ" რუსული კანონი და გაათავისუფლონ აქციებზე დაკავებულები.