სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება - რეზოლუციის საბოლოო პროექტთან ერთად, ევროპარლამენტში ხვალ კენჭს რეზოლუციის შესწორებებსაც უყრიან. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს და წერს, რომ ერთ-ერთი შესწორებების ავტორი პოლიტიკური ჯგუფი "განაახლეა", რომლის წარმომადგენელიც ევროპარლამენტარი ურმას პაეტია, მეორესი კი "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები" და მას ანნა ფოტიგა წარმოადგენს.
„ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ შესწორება ორ პუნქტს მოიცავს:
- ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“;
- ხელახლა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატიმრობიდან გაათავისუფლონ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„განაახლეს“ შესწორება კი სამ პუნქტს მოიცავს:
- ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, - „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
- მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არამხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ, სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.
- მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“, - წერს "რადიო თავისუფლება".