ევროპული მარშის მონაწილეების განცხადება და მოწოდება ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

"რესპუბლიკის მოედნიდან დავიძვრებით პარლამენტის მიმართულებით და შევკრავთ ჯაჭვს, როგორც სიმბოლოს საქართველოს მოქალაქეთა ერთობისა", - ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი ხალხის სახელით აქციაზე სიტყვით გამომსვლელმა რატი ამაღლობელმა განაცხადა. მან აქციის მონაწილეების განცხადება წაიკითხა და "ოცნების" ხელისუფლებას მიმართა.

ევროპული მარშის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ ჩანიშნოს რუსული კანონის მეორე პლენარული მოსმენა ხვალ, 29 აპრილს. მათივე თქმით, როგორც კი "ოცნება" რუსული კანონის მეორე მოსმენას ჩანიშნავს, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები მობილიზდებიან და შეეცდებიან, ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას ხელი შეუშალონ: "მეორე მოსმენის დროს გვექნება კონკრეტული გეგმა, რათა წინ აღვუდგეთ საგარეო კურსის ცვლილებას". 

 

განცხადება სრულად:

- საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, შევქმნათ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს ევროპული კურსის ცვლილებას და სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვას, რასაც “რუსული კანონის მიღება გამოიწვევს”;
- საქართველოს მოქალაქეები ვთანხმდებით, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის ანტიკონსტიტუციური კანონების მიღების ადგილი. პარლამენტი ვალდებულია, დაემორჩილოს უზენაეს კანონს - საქართველოს კონსტიტუციას;
- საქართველოს პარლამენტის მიერ “რუსული კანონის” მიღებას მივიჩნევთ, როგორც ხელისუფლების გასვლას კონსტიტუციური ჩარჩოდან;
- საქართველოს მოქალაქები არ დავუშვებთ დემოკრატიის ჩანაცვლებას ანტიკონსტიტუციური, ავტორიტარული მმართველობით;
- ამიტომ, დღეს რესპუბლიკის მოედნიდან დავიძრებით მარშით სწორედ საქართველოს პარლამენტის მიმართულებით; მოქალაქეები შემოვარტყამთ წრეს საქართველოს პარლამენტს და შევკრავთ ჯაჭვს, როგორც სიმბოლოს საქართველოს მოქალაქეთა ერთობის;
- ჩვენ ვიცით, რომ 29 აპრილს ილუზორული მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ ხელისუფლებას იძულებით მოჰყავს ჩვენი თანამოქალაქეები, რომელთა დიდ ნაწილსაც არ სურს “რუსული კანონის” მიღება;
- ჩვენ ვიცით, რომ 29 აპრილს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ  აქციაზე მდგარი ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენ მოთხოვნებს -  “კი ევროპას, არა რუსულ კანონს”;
- ჩვენი მოთხოვნების სამიზნე არის ხელისუფლება და არა ხალხი, ამიტომ, ჩვენ არ გადავდგამთ არც ერთ ნაბიჯს, რათა მტრის გეგმას შევუწყოთ ხელი და საზოგადოებრივი დაპირისპირების არარსებული სურათი დაიხატოს;
- ჩვენ, 29 აპრილს, დილის 9 საათიდან გავაპროტესტებთ “რუსული კანონის” მეორე საკომიტეტო მოსმენას, მაგრამ არ ვაპირებთ დაპირისპირებაში შესვალს ჩვენ თანამოქალაქეებთან, რომლებსაც ხელისუფლება საღამოს საათებში შეკრებს პარლამენტთან;
- კატეგორიულად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხვალ, 29 აპრილს არ ჩანიშნოს პლენარული სხდომა კანონის მეორე მოსმენის გასამართად;
- ხვალ, 29 აპრილს თუ პარლამენტი მოულოდნელად ჩანიშნავს “რუსული კანონის” მეორე მოსმენას პლენარულ სხდომაზე, ეს იქნება კონსტიტუციის საწინააღმდეგო თვითნებობა ხელისუფლების მხრიდან, რასაც წინ აღვუდგებით. საზოგადოებრივი ჯგუფები მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ხელი შევუშალოთ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას;
- ხელისუფლებამ იცოდეს, რომ პლენარულრ სხდომაზე მეორე მოსმენის დროს, როცა არ უნდა ჩანიშნონ ის, გვექნება კონკრეტული გეგმა და ლოკაციები, სადაც მოვუწოდებთ მოქალაქეებს შეკრებისკენ რათა წინ აღვუდგებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და საგარეო კურსის ცვლილების თავსმოხვეულ ავანტიურას;
- ძალა ერთობაშია - გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან, თავისუფალ საქართველოს!
- კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი