"ხელისუფლებამ გააუქმა პარლამენტი" | საპარლამენტო ოპოზიციის განცხადება

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დღევანდელი პარლამენტის სხდომის გაუქმებას აპროტესტებს. მათ საგანგებო განცხადება საკანონმდებლო ორგანოს გარეთ გააკეთეს და აღნიშნეს, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება ხდება, დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მოსმენას:

"12 საათია, ახლა მოვედით პარლამენტის წევრები, რათა მოვუსმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრს  , საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალეს საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა ფაქტობრივად გააუქმეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა. მანამდე, 10 დღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს მთელ ქვეყანას. ბიუჯეტიდან ფულს რომ იპარავენ და შემდეგ არიგებენ და შეღავათებს აძლევენ, ახლა კალენდარული დღეებიც კი მოიმატეს. ხალხს ეუბნებიან, ოღონდ არ გააპროტესტოთ და 10 დღე ისხედით სახლებშიო." განაცხადა "ევროოპიტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატები ხელისუფლებას მოუწოდებენ აღადგინოს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი და პარლამენტს მისცეს საკუთარი უფლებამოსილების გაგრძელების საშუალება - "შეშინებულმა ივანიშვილმა მოინდომა პარლამენტი გადააქციოს საკუთარ ციხე-სიმაგრედ, მაგრამ შიგნითაც კი ვერ შემოდიან "ოცნების" დეპუტატები და გარეთ სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან" ამბობენ დეპუტატები.

რაც შეეხება რუსულ კანონს, ამასთან დაკავშირებით, მათი თქმით, წინაა მესამე მოსმენა, პრეზიდენტის ვეტო და მისი დაძლევის პროცედურა, შესაბამისად პროტესტი უნდა გაგრძელდეს.

დეპუტატები მოსახლეობას დღეს, 19 საათზე პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ბიურო და პლენარული სხდომა აღარ გაიმართება. მიზეზად პარლამენტის განცხადებით, გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიერ "შენობის და ინფრასტრუქტურის დაზიანებაა" დასახელებული.

პარლამენტში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მოსმენა იყო დაგეგმილი, თუმცა ის გადაიდო.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი