"ძმის სასაფლაოს ასუფთავებდა..." | ოკუპანტების მიერ მეხუთედ გატაცებული რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნდა:

ძმის საფლავის გასასუფთავებლად წასული კაცი ოკუპანტების ტყვეობაში აღმოჩნდა - საუბარია სოფელ გუგუტიაანთკარის მცხოვრებ 40 წლის რამაზ ბეღელურზე, რომელიც რუსმა ფორმიანებმა 27 აპრილს უკვე მეხუთედ გაიტაცეს. 

ოჯახი დახმარებას ითხოვს, რადგან გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მას ეპილეფსია აქვს და სამედიცინო მეთვალყურეობა ესაჭირიება. 

ბეღელურს ჯანმრთელობა წინა გატაცების დროს შეერყა. როგორც ის "მთავართან" ყვებოდა, ოკუპანტებმა ავტომატის კონდახი თავში ჩაარტყეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ ცხინვალის ციხეშიც. 

"27 აპრილს გაიტაცეს. სასაფლაოზე გადავიდა, თავის ძმის სასაფლაოს ასუფთავებდა და რა მოხდა იქ, ვერ გავიგე ვერაფერი. ძალიან ცუდად არის, დეკემბრის თვეში აპარატზე იყო შეერთებული "ვივამედის" კლინიკაში. ექიმი მეუბნებოდა მდგომარეობიდან ვერ გამოვაო, ისეთი მდგომარეობა აქვსო. აქვს გამწვავებული ეპილეფსია. ცუდად ხდება. როდესაც ცუდად ხდება, კომაში ვარდება. დილას პოლიცია იყო მოსული და მითხრა, არ ინერვიულო, ყველა ჩართულიაო. ვინ არის ჩართული და რა არის, არაფერი არ ვიცი," - აცხადებს ბეღელურის დედა, ნორა ბეღელური.

ცნობისთვის, 40 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალის წარმომადგებლებმა 10 დღის წინ გაიტაცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი ფაქტის შესახებ განცხადება 29 აპრილს, 2 დღის დაგვიანებით გაავრცელა.

რამაზ ბეღელურის გათავისუფლების საკითხი ერგნეთის შეხვედრაზე დადგება, რომელიც მიმდინარე თვეში გაიმართება. ბეღელურის გარდა, ცხინვალის ციხეში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი