ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელები ისევ არ დაუკავებიათ | ძალადობა - "ქართული ოცნების" ხელწერა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქიულმა რეჟიმმა რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე პირების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებები აამოქმედა. ხელისუფლების ოპონენტებს ქართული ოცნების მართული ჯგუფები უსწორდებიან. ერთ ერთია,  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა, ცნობილ პედაგოგს რუსული კანონის გაპროტესტებისა და აქციებში მონაწილეობის გამო მეზობელი დაუპირისპირდა. 

დაშავებულს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. თავად მასწავლებლის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში კი კარგად ჩანს თავდამსხმელიც, თუმცა ამის მიუხედავად პოლიცია მოქმედებას არ ჩქარობს და მოძალადე ამ დრომდე არ არის დაკავებული. 

ერთ-ერთი თავდამსხმელის გამოკითხვა დასრულდა, თუმცა აფხაზავას თქმით, მომხდარში სამი პირი მონაწილეობდა.

 

კადრში, რომელიც ლადო აფხაზავამ მასზე თავდასხმის დროს გადაიღო მარტივი ამოსაცნობია პირი, რომელიც პედაგოგის წინააღმდეგ  მასიურ ხის ჯოხს იყენებს და თავდასხმას ცდილობს. ამის მიუხედავად პოლიციას მოძალადე მამაკაცი ამ დრომდე არ დაუკავებია. ინციდენტიდან 24 საათზე მეტია გასული. 

თავდამსხმელი პედაგოგის მეზობელი, კობა ფიფიაშვილია. ის ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების მძღოლია და ინციდენტში მასთან ერთად კიდევ 2 პირი მონაწილეობდა. ერთადერთი ფრაზა, რომელსაც თავდასხმის დროს ფიფიაშვილი ამბობდა პედაგოგის ოპოზიციურ განწყობებს უკავშირდება. დღესაც  თავდამსხმელის ოჯახის წევრები და მეგობრები ძალადობას არა თუ ამართლებდნენ, არამედ მოსახლეობას ხელახალი ძალადობისკენ მოუწოდებდნენ. 

თავდასხმის უკან რომ ხელისუფლების დავალება იკვეთება ამაში ეჭვი არ ეპარება თავად მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ პედაგოგსაც. ლადო აფხაზავა ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებს და რუსული კანონის წინააღმდეგ დემონსტრაციებში მონაწილეობს, რაც ქართულ ოცნებას აღიზიანებს. როგორც ჩანს ამიტომ მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა მასწავლებლისთვის გაკვეთილი ესწავლებინა და თავდასხმა მასსა და მის შვილობილზე მეზობლის ხელით სცადა. 

რუსული კანონის შემობრუნების კვალდაკვალ, ქართულმა ოცნებამ გააქტიურა ოპონენტებზე ანგარიშსწორების ძალადობრივი მეთოდებიც. პუტინის კანონის საქართველოში ინიცირების შემდეგ განხილვების პარალელურად ქართული ოცნება ფიზიკურად უსწორდება ყველას, ვინც რუსულ კანონს ეწინააღმდეგება. თუ ანგარიშსწორებას საკუთარი ხელით ვერ ახერხებს, დავალებას პოლიცია ასრულებს. ასე იყო ოპოზიციონერ ალეკო ელისაშვილის შემთხვევაშიც, როდესაც მამუკა მდინარაძის ნაცვლად ელისაშვილის მოქნეულ მუშტზე შური პოლიციამ, მდინარაძის დავალებითვე იძია. 

სასტიკად იძია შური ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეზეც. ლევან ხაბეიშვილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა დაუზიანეს თვალი და ჩაუმტვრიეს ცხვირის ძვლები. ოპოზიციონერს ოპერაციული ჩარევა დასჭირდა. მიუხედავად იმისა რომ პოლიციისთვის თავდამსხმელი სპეცრაზმელების ვინაობა ცნობილია ძალადობის მძიმე ფაქტს ამ დრომდე ქმედითი სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია. 

ძალადობა ქართული ოცნების ხელწერაა, რომლითაც ის რუსული კანონის შემოღებას ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ცდილობს. ძალადობა მეთოდია, რომელსაც ხელისუფლება უკვე 20 დღეზე მეტია იმ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს, რომლებიც რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან. ყველას ვინც ამბობს კი- ევროპას და არა რუსულ კანონს , ქართული ოცნება რეზინის ტყვიებს, მხუთავ აირს და წიწაკის სპრეის ახვედრებს. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი