სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქციებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობაზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2024 წლის აპრილსა და მაისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. საუბარია აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.

"სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 2024 წლის აპრილსა და მაისში  აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე,  სხვადასხვა უწყებიდან და ცხელი ხაზის მეშვეობით 80 შეტყობინება შემოვიდა, რომელიც აქციის მონაწილეების და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა. 

 როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შემოსულ შეტყობინებებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მყისიერად დაიწყო.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე სწრაფი სამართლებრივი რეაგირება უზრუნველყო. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 67 პირი (მათ შორის 9 ჟურნალისტი), 30 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა;

სხვადასხვა ლოკაციებზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები;

მომხდარი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, გამოძიებისთვის საინტერესო ინდივიდუალურ ეპიზოდებში მონაწილე პირების იდენტიფიცირების და ამოსაცნობი ნიშნების დადგენის მიზნით, გამოძიების მიერ მოპოვებული იქნა საჯარო ინტერნეტ-სივრცეში არსებული სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერები;

გარდა ზემოხსენებულისა, მიმდინარეობს სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან, ინტერნეტ სივრციდან, კერძო ობიექტებიდან და საჯარო უწყებებიდან, გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვის პროცესი და მათი შესწავლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია აქციის მონაწილეების დამკავებელი და ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავების ვინაობის შესახებ;

მოწმეთა ბაზის შექმნის და დოკუმენტური მტკიცებულებების მოპოვების მიზნით: სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“  გამოთხოვილია ინფორმაცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის იმ თანამშრომელთა ვინაობის შესახებ, რომლებიც 2024 წლის აპრილისა და მაისის აქციებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე (აქციასთან დაკავშირებით) ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას;

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიმდინარეობს ადმინისტრაციული დაკავების ოქმებისა და შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვა;

კერძო კლინიკებიდან მოთხოვნილია ინფორმაცია იმ პირთა სამედიცინო დოკუმენტაციის თაობაზე, რომელთაც 2024 წლის აპრილისა და მაისში ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გაეწია ამბულატორიული/სტაციონარული სამედიცინო დახმარება; დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

მიმდინარე საქმის ფარგლებში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისს დაიწყო გამოძიება აქციაზე დაშავებული ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით.

ლევან ხაბეიშვილთან დაუყოვნებლივ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია მისი გამოკითხვის მიზნით, თუმცა მან გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა. აღნიშნულის შემდეგ 3 მაისს, ლევან ხაბეიშვილს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ჩაბარდათ უწყება საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით  დაბარებასთან დაკავშირებით, რაზედაც უწყებას პასუხი არ მიუღია.

გამოძიების ეტაპზე დათვალიერდა ის ლოკაცია, სადაც ადგილი ჰქონდა სპეცრაზმელებსა და ლევან ხაბეიშვილს შორის მომხდარ ინციდენტს, იდენტიფიცირებული იქნა შემთხვევის ადგილზე განთავსებული  გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა საქართველოს ეროვნული გალერეის და მის მიმდებარედ განთავსებული ობიექტების ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე;

სამედიცინო კლინიკაში გაგზავნილი იქნა წერილი ლევან ხაბეიშვილის სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემდგომში ამოღების და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ასევე მოთხოვნილი იქნა სამედიცინო კლინიკის ჩანაწერების შენახვა/დაარქივება, შემდგომში გამოთხოვის მიზნით;

 შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა წერილი ლევან ხაბეიშვილთან შემხებლობაში მყოფი სამართალდამცავთა ვინაობის თაობაზე;

 სხვადასხვა მედია საშუალებებიდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია ლევან ხაბეიშვილისა და სპეცრაზმის თანამშრომლებს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის მიზნით, მათ შორის დაუმუშავებელი ვიდეომასალის.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ." ნათქვამია ინფორმაციაში. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი