შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტირუსული აქციების დროს პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს. აღნიშნული პირები 8-9 მაისს დააკავეს, მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

განცხადება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა გააკეთა. მას არ უსაუბრია გუშინ სამ ადამიანზე თავდასხმაზე, რომელთაგან ორი კლინიკაში რჩება. თამაზაშვილმა ბრიფინგის შემდეგ მედიის კითხვებს არ უპასუხა.

ის ამბობს, რომ აქციის მონაწილეები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების, ასევე "გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ახორციელებდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას" და თავს ესხმოდნენ პოლიციელებს. 

"აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგანს, მათ შორის ბოთლებს, ქვებს, მხუთავ და ცრემლსადენ ნივთიერებას და რკინის ნაჭრებს ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში, სადაც იმყოფებოდნენ შსს-ს თანამშრომლები და ასევე განთავსებული იყო სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები. საზოგადოებამ კარგად იხილა როგორ აზიანებდნენ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის შენობაზე განთავსებულ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებსა და მერიის საკუთრებაში არსებულ სხვადასხვა ნივთებს", - ამბობს თამაზაშვილი.

მისივე განცხადებით, შვიდი პოლიციელი დაშავდა.

"ერთ-ერთმა დაკავებულმა პირმა, მიმდინარე წლის 16 აპრილს, დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომობილი.

1-2 მაისს, მიმდინარე აქციის დროს, დაკავებულთაგან ორმა პირმა დააზიანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის ვიდეო სამეთვალყურეო კამერები.

1 მაისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის დროს, დააზიანა პარლამენტის ჭიშკარი, ასევე, ისროლა ქვა პარლამენტის ეზოში მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგად დაზიანება მიიღო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველმა.

ასევე, 1 მაისს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა პირმა დააზიანა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერა", - აცხადებს შსს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი