მე-3 დღეა გრძელდება ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი, დააზიანეს ნინო ზურიაშვილის მანქანა | "სტუდია მონიტორი"

გამოქვეყნდა:

დამოუკიდებელი მედია "სტუდია მონიტორი" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ უკვე მესამე დღეა მათ წინააღმდეგ ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი გრძელდება. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს, 10 მაისს, დააზიანეს "სტუდია მონიტორის" დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის ავტომობილი და საცხოვრებელი სახლის ფასადზე  შეურაცხმყოფელი პლაკატები გააკრეს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

"უკვე მესამე დღეა გრძელდება ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი "სტუდია მონიტორისა" და მისი დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ.

დღეს დილით ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე გააკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები.

გუშინ ანალოგიური შინაარსის პლაკატები გააკრეს იმ კორპუსში, სადაც "სტუდია მონიტორის" ოფისია განთავსებული.

ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით მივმართეთ საგამოძიებო უწყებებს. ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას.

ჩვენთვის კარგად არის ცნობილი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რუსული სცენარით ანგარიშსწორების ეს მეთოდები, რასაც ბოლო დღეებში მიმართავენ საქართველოში.

მიუხედავად ამისა, სტუდია მონიტორის გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობას. არა რუსულ კანონს!," - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, უკვე მესამე დღეა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, აქტივისტების, ჟურნალისტების სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის ენის შემცველ წარწერებს აკეთებენ და მათთვის "აგენტის" იარლიყის მიწებებას ცდილობენ. აღნიშნული რუსულ კანონსა და მის საწინააღმდეგო პროტესტთანაა კავშირში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი