ანტირუსული აქციის ათობით მონაწილე სასამართლოშია დაბარებული | ნაწილის სხდომა ხვალ, უქმე დღეს ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

ანტირუსული აქციის მონაწილეებს სასამართლოში იბარებენ - მოქალაქეებს ტელეფონზე ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მათ წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული კოდექსითაა აღძრული და სასამართლოში უნდა გამოცხადდნენ. სავარაუდოდ, საქმე ეხება 24 აპრილს გამართულ მსვლელობას და ამ დღეს აქციის გამართვის წესების დარღვევას.

პროცესების ნაწილი ხვალ, 17 მაისსაა ჩანიშნული, რომელიც მთავრობამ უქმე დღედ გამოაცხადა. აქტივისტების ნაწილის სასამართლო კი 20 მაისს გაიმართება. ანტირუსული აქციის ათობით მონაწილეს დაურეკეს, მათ შორის არიან აქტივისტები, პოლიტიკოსები - პარტია "ახალიდან" და "გირჩი მეტი თავისუფლებიდან".

სასამართლოში დაბარებულები ამბობენ, რომ მსვლელობის დროს გზა უკანონოდ არ გადაკეტილა და აქციაზე მყოფ პოლიციას ადგილზე არავისთვის მიუცია შენიშვნა.

"24 აპრილს, როდესაც პოლიციისგან წამოვიდა მოთხოვნა, რომ უნდა დაგვეცალა ტერიტორია, აქცია ისედაც ბოლოსკენ გადიოდა და ვიშლებოდით, რეალურად დავემორჩილეთ მაშინ პოლიციის მოთხოვნას და გადავედით გზის სავალი ნაწილიდან. დაშინებას ემსახურება ეს ყველაფერი, ჰგონიათ, რომ ხალხი არ გამოვა, რამდენს დაგვიბარებენ, ათასობით ადამიანი იდგა იქ და ყველას ვერ დაგვიჭერენ, ყველას ვერ დაგვაჯარიმებენ, რომც დაგვაჯარიმონ, ამით ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ", - ამბობს "ახალის" წევრი, საბა სხვიტარიძე.

"გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი, ბორის ჩელე ყურუა აპირებს, რომ სასამართლო სხდომაზე მივიდეს. ის ფიქრობს, რომ სასამართლო დააჯარიმებს, ან უკიდურეს შემთხვევაში 15 დღით პატიმრობას გამოიყენებს.

"სავარაუდოდ მივალ, იმიტომ, რომ მაინტერესებს ჯერ ერთი რას მედავებიან, უფრო კონკრეტულად, იმიტომ, რომ მუხლი რაც მითხრეს, ეგ ცოტა ზოგადი მუხლია, მანიფესტაციის წესების დარღვევა, არ ვიცი კონკრეტულად რომელ ნაწილს მედავებიან, მივალთ მე და ჩემი ადვოკატი, გავარკვევთ რა უნდათ, უბრალოდ არ მჯერა არც მათი სამართალწარმოების, ესენი არიან ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ სადარბაზოსთან დაგხვდნენ, გცემონ, დაგირეკონ, გაგინონ, დაგემუქრონ, მერე მოგანიჭონ დაზარალებულის სტატუსი, მერე სასამართლოში დაგიბარონ, რომ ადმინისტრაციული წარმოებით რაღაცას გედავონ", - ამბობს ყურუა. 

ხვალ სასამართლოში დაბარებულია სტუდენტი, აქტივისტი, დავით ჩხობაძე, რომელიც ამბობს, რომ  გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავებიან. ჩხობაძე პროცესზე მისვლას არ აპირებს. 

ავტორი: ნინო ჟიჟილაშვილი.

საპროტესტო მსვლელობა თბილისში | 10.11.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი