რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ქვემო ჭალიდან ხუთი თვის წინ დაჭრილი და გატაცებული ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას ამ დრომდე არ ჩაუნიშნავს.
გახელაძის ოჯახის წევრებმა ორი თვის წინ მიიღეს ბოლო ინფორმაცია ზაზას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, მას შემდეგ კი გატაცებულზე არაფერი სმენიათ.
აქვე, ერგნეთში 20 ნოემბერს ჩანიშნული შეხვედრა, სადაც, სავარაუდოდ, ქართული მხარე ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხის წამოჭრას აპირებდა, ცხინვალის მიზეზით გადაიდო. დე ფაქტო ცხინვალმა გადადების მიზეზად კოვიდპანდემია დაასახელა.
შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს, საოკუპაციო ზოლიდან მოშორებით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სხვილოს ციხის სიახლოვეს, რუსმა ოკუპანტებმა ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს, მოგვიანებით კი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმმა განცხადება გაავრცელა, სადაც გახელაძე ოკუპანტთა პატრულის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა.
აქვე გეტყვით, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მართული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ტყვეობაში რჩება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, გენადი ბესტაევი, რომელიც 2019 წლის 21 ნოემბერს სოფელ ზარდიანთკარიდან, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცეს. მას ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსჯა ბანალური და ცრუ ბრალდებით, თითქოს სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით მარიხუანა უპოვეს.