ხმაური ვარკეთილში - დამწვარი ბაზრობის დაზარალებული მოვაჭრეები ზარალის დათვლას და დახმარებას ითხოვენ. ადგილზე მისულმა მოვაჭრეებმა დღეს გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა სამართდლამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.
ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია. შენობაში შესვლას და ზარალის ნახვას მოვაჭრეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
მოვაჭრეების მხარდასაჭერად ადგილზე "ლეიბორისტული პარტიის" წევრი, ლაშა ჩხარტიშილი მივიდა. ჩხარტიშვილი ხელისუფლებას მოვაჭრეებისთვის ზარალის სრულად ანაზღაურებისკენ მოუწოდებს.
ასანთით წვავენ თუ იმით, რომ არ ქმნიან უსაფრთხოების გარანტიებს, არ არის მოთხოვნები საკანონმდებლო შესაბამისი, რომ ბაზრობის ადმინისტრაციას ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ხანძარი არ გაჩნეს, გაჩენის შემთხვევაში იყოს ჩაქრობის სისტემები. აქედან გამომდინარე, კეთილი ინებონ, რადგან ასეთ ვითარებაში ჩააყენეს ქვეყანა, სრულად აუნაზღაურონ ზარალი. ჩვენ მზად ვართ ამ ადამიანებთან ერთად ისევე ვიბრძოლოთ, როგორც მანამდე ამას ვაკეთებდით, მაგალითად "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებთან ერთად, - აცხადებს ჩხარტიშვილი.
ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი გუშნ ღამით მოხდა. დამწვარია დაახლოებით 4000 კვ. მეტრის ფართობი.