"ოქროს მოწმის" ოთხჯერ შეცვლილი ჩვენება - ამირხანაშვილი შესაძლოა ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდეს 

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმის "ოქროს მოწმის" ჩვენებები შესაძლოა მისივე წინააღმდეგ ამოქმედდეს. საქმეში შაქარაშვილის უახლოესი მეგობრის, გურამ ამირხანაშვილის 4 ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება დევს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ამირხანაშვილისთვის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტს.

გური ამირხანაშვილი ერთ-ერთი ბოლოა ვინც გიორგი შაქარაშვილთან ერთად არაგვის ხიდზე გადაადგილდებოდა. პირველი დაპირისპირების შემდეგ, გაიქცა და ერთ-ერთი შენობის უკან, ბუჩქებს შეაფარა თავი. სწორედ ამ ტერიტორიიდან წამოიყვანეს ტოიოტა ქამრის მარკის ავტომობილით ამირხანაშვილი.  პირველი ჩვენების მიხედვით, ავტომობილში ამირხანაშვილის გარდა 6 ადამიანი იყო, რომლებმაც თბილისში ის, მისი ნების საწინააღმდეგოდ წამოიყვანეს. 

როდესაც ბუჩქებში ვიყავი ჩავარდნილი, მე მომიახლოვდა ნახსენები, მე-2 მანქანიდან გადმოსული და ჩვენსკენ გამოქცეული სამი ბიჭი, რომლებსაც მე ავუხსენი და ვუთხარი, რომ არაფერ შუაში ვიყავი და მათ მხოლოდ ვაშველებდი კიბეებთან მომხდარი ჩხუბის დროს და მითხრეს, რომ ჩავმჯდარიყავი მათ მანქანაში. მე მათ ვთხოვე, რომ არაგვზე გამავალი ხიდის მიმართულებით გაეჩერებინათ, რათა ჩამოვსულიყავი, რადგან მსურდა, რომ მომეძებნა ჩემი ბავშვობის მეგობარი გიორგი შაქარაშვილი. მე მათ მკითხეს თუ რატომ უნდა ჩამოვსულიყავი აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუმცა მე მათ დავუმალე მიზეზი, რადგან თუკი გაიგებდნენ რეალურ მიზეზს ისინიც გაჩერდებოდნენ. აღნიშნულმა პიროვნებებმა მე არ გამიჩერეს მანქანა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ წამომიყვანეს თბილისის მიმართულებით და ჩამომსვეს თბილისში დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ.

გურამ ამირხანაშვილმა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება პირველად 2 დღეში შეცვალა. 21 ივნისის გამოკითხვის ოქმში ამირხანაშვილი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის შემდეგ, მას თბილისში წაყვანა შესთავაზეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ არავის უმოქმედია. 

გურამ ამირხანაშვილი 21.06.2020

როდესაც ნარეკვავის დასახლებაში არაგვის ხიდთან მომხდარი კონფლიქტის შემდგომ, როდესაც ექვსმა პიროვნებამ მე მიპოვეს ბუჩქებში დამალული, შემომთავაზეს რომ ჩავმჯდარიყავი მანქანაში და გავყოლოდი ქალაქ თბილისში. ვინაიდან ვიყავი დაბნეული და შეშინებული, მათ შემოთავაზებაზე უარი არ მითქვამს და ჩავუჯექი მანქანაში უკანა სავარძელზე. არაგვის ხიდს როდესაც მივუახლოვდით თბილისის მიმართულებით მოძრაობისას, მე მათ ვთხოვე, რომ გაეჩერებინათ მანქანა და დავეტოვებინე ხიდთან რაზედაც უარი მითხრეს იმ მოტივით, რომ ღამე მარტო ვერ დამტოვებდნენ. ამიტომ მე აღნიშნული პიროვნებებისთვის კატეგორიულად არ მომითხოვია, რომ მანქანიდან ჩამოვესვი და დავეტოვებინე, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ მათ კატეგორიულად მოვთხოვდი მანქანის გაჩერებას, ისინი გააჩერებდნენ და დამტოვებდნენ. აქვე მოგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები მე არ დამმუქრებიან და იძულებით არ ჩავუსვივარ მანქანაში, ასევე გზაში არცერთ მათგანს ჩემთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოუყენებია და არც დამმუქრებიან. მე მანქანაში მჯდომ პიროვნებებს მშვიდი ტონით ვთხოვე, რომ ა-მანქანა გაეჩერებინათ. აქვე დავამატებ, რომ როდესაც თავდაპირველად ჩამსვეს ა -მანქანაში მაშინვე მითხრეს, რომ დიდუბეში ჩამიყვანდნენ და იქ დამტოვებდნენ

მესამე ჩვენებაში , რომელიც 23 ივნისით თარიღდება, გურამ ამირხანაშვილი, ისევ მისი ნების საწინააღმდეგო მოქმედებებზე საუბრობს, თუმცა გამოკითხვის ოქმში ჩანს, რომ მან პოლიციას არ მომხდარი დაპირისპირების შესახებ და არ მისთვის შესაძლო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ან იძულების გამო ატყობინებს. 

23:06:2020

მათ მკაცრი ტონით მითხრეს, რომ დავმჯდარიყავი მათ მანქანაში , ერთ-ერთმა მათგანმა გადამხვია ხელი და ჩამსვა მანქანაში, გვერდი-გვერდ კი ორ-ორი პიროვნება მომიჯდა, რათა არ გადავსულიყავი მანქანიდან. რის გამოც, მე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, მათი მოთხოვნით შესაბამისად, ჩავუჯექი მანქანაში და იმ ადგილიდან გავყევი ზემოაღნიშნულ პირებს. მე აღნიშნული ფაქტის შესახებ იმიტომ არ განვაცხადე პოლიციაში, რომ ვიფიქრე, რომ ჩემი თბილისში წაყვანით, გაქცეულ პიროვნებებს საფრთხე ავარიდე და მათ აღარაფერი ემუქრებოდათ. 

გურამ ამირხანაშვილი ერთადერთია, ვინც ავტომობილში მსხდომი ადამიანების ამოცნობის პროცედურაში მიიღო მონაწილეობა. თუმცა საქმეს კიდევ ორი მთავარი მოწმე დაზარალებულად ცნობილი ვახო ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე ჰყავს, რომლებსაც ამოცნობის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღიათ. გურამ ამირხანაშილს დღეს სახლში მივაკითხეთ, თუმცა ის მედიასთან არ ჩნდება და არც ჩვენს სატელეფონო ზარებს პასუხობს. 

თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე  დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ საბრალდებო სკამზე შესაძლოა თავად გურამ ამირხანაშვილი აღმოჩნდეს. უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ოქროს მოწმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უნდა დააკაონ, ხოლო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლი, რომელიც 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, დაკავებულებს უნდა მოეხსნათ. 

საბედისწერო დაბადების დღისა და 19 ივნისს მომხდარი ტრაგიკული ისტორიის საქმეზე დღეს ქვეყნის მთავარმა პოლიციელმა პირველი განმარტება გააკეთა და თქვა მხოლოდ ის, რომ გამოძიება ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული. 

გაჩნდება თუ არა საქმეში ახალი მუხლი, დანაშაულის შეუტყობინებლობის შესახებ, საგამოძიებო უწყებამ უნდა გადაწყვიტოს. მანამდე კი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლი გამოძიებას ოქროს მოწმის ჩვენებითვე შეიძლება ჩამოეშალოს. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი