"ქართულმა ოცნებამ" ანგარიში გაუწია რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს - ამის შესახებ აცხადებენ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და ოპოზიციაში.
ქერჩის სრუტეში, ტამანის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა კი, რომლის კონკურენტადაც ანაკლიის პორტი განიხილებოდა, უკვე დასრულებულია. პორტი 220 ათას ტონამდე სატვირთო გემების მიღებას უკვე შეძლებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველომ უდიდესი ინვესტიცია დაკარგა.
საქართველომ, დროებით, მაგრამ დაკარგა უზარმაზარი ინვესტიცია. იმ დროს, როცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ებრძოდა საქართველოს მთავრობა სხვადასხვა მეთოდებით, ამ დროში რუსეთის ხელისუფლება აფინანსებდა მის ღრმაწყლოვან პორტს. და სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ იმაზე ეზრუნა დღევანდელ მთავრობას, რომ როგორმე დახმარებოდა ანაკლიის პროექტის განხორციელებას, ყველაფერი გააკეთეს, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეჩერებულიყო, - ამბობს "საქართველო-ევროპის ბიზნეს საბჭოს" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტის წინააღმდეგ ბრძოლა ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ქვეყნისა და ეკონომიკის მიმართ ზურგში დანის ჩარტყმის ტოლფასი იყო. მისი თქმით, ივანიშვილმა რუსული დავალება პირნათლად შეასრულა.