სპორტი და პოლიტიკა - "ოცნების" დაუოკებელი ვნება და ლტოლვა წარსულისადმი

გამოქვეყნდა:

25 წელი გავიდა, რაც ბავშვებმა იარაღი ჩააბარეს. 25 წლის შემდეგ კი კვლავ იარაღსა და ძალადობას უბრუნდებიან. ბრუნდება დრო, როცა სახელმწიფო ძალაუფლება ერთი მხრივ ე.წ ქურდულ მენტალიტეტს, მეორე მხრივ კი - კუნთმაგარ და იარაღიან ბიჭებს ეყრდნობოდა.

ამ ყველაფრის სათავე ინსტიტუციურ რღვევასა და დანაშაულისადმი შემგუებლურ პოლიტიკურ დღის წესრიგშია, რომელიც ოლიგარქიულ რეჟიმებს ახასიათებს.

ფაქტია, პოლიციისადმი ნდობა იკლებს. გახშირდა შემთხვევები, როცა ადამიანები ყოფითი პრობლემების გადასაჭრელად 90-იანი წლების გადმონაშთებს ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტებს აკითხავენ. ავტორიტეტებს უცნაური ზედმეტსახელებით.

მსგავსი განუკითხაობა მხოლოდ მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როცა ამის პოლიტიკური ნება არსებობს და ალბათ, ვნებაც. „ქართული ოცნების“ წევრების დაუოკებელი ვნება და ლტოლვა წარსულისადმი.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობამ საზოგადოებაში გააღვიძა მიძინებული წარსულის შიში და გაახსენა დრო, როცა ქალაქი იყოფოდა კრიმინალურ სინდიკატებად: ნახალოვკელებად თუ საბურთალოელებად, ვაკელებად თუ ვერელებად და ასე შემდეგ, დაუსრულებლად... წინ წარსულისკენ.

ყველაზე საშიში კი ისაა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ძალაუფლებას მსგავს ბანდფორმირებებზე დაყრდნობით ინარჩუნებს. ეს არის ბარტერით ვაჭრობა. სახელმწიფო მათ ხელშეუხებლობის იმუნიტეტით აღჭურავს, სანაცვლოდ კი კრიმინალებისგან ფართო წინასაარჩევნო კამპანიას იღებს. ასეა, „ქართული ოცნება“ უცხოეთიდან მოწვეულ ცნობილ პიარ-ტექნოლოგებთან ერთად უბნის ძველბიჭურ პიარ-ტექნოლოგიებსაც ფართოდ იყენებს.

მეორე ძალა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეყრდნობა, ძალოვანი სპორტის ის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც სპორტულ ღირსებაზე უარი თქვეს და რეპრესიული სახელმწიფოს დარაჯებად იქცნენ.

ჭიდაობის ფედერაციის დიდი ნაწილი, მათი პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ჩათვლით, ბიძინა ივანიშვილმა კარგა ხანია პირად დაცვას მიუერთა. 

არსებობს სპორტსმენთა კიდევ ერთი ნაწილი, რომლებმაც „ქართული ოცნების“ მთლად სათაო ოფისს, კრემლს მიაშურეს. მაგალითად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია თავაწეული ჩაეწერა რუსეთის არმიის კლუბ „ცეესკას“ რიგებში, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან ფინანსდება.

თორნიკემ შემოგვითვალა, რომ ძალიან ბედნიერია „ცეესკაში“ გადასვლით, ჩვენ კი მოგვიწოდებს, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. მოგვიწოდებს ჩვენ, ვისაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვიწევს შეჯახება პოლიტიკურად ანგაჟირებულ ან პოლიტიკაში მოსულ სპორტსმენებთან და ქალაქის ყოფილ ფეხბურთელ მერთან.

არჩევნები კი ახლოვდება. კანონიერი ქურდების ნაწილი, ალბათ, უკვე ბარგს ალაგებს და მონატრებულ დედასამშობლოში ჩამოსასვლელად ემზადება. 

 

ავტორი: ბექა ყორშია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი