
კრიმინალის მიმართ პოზიტიური განწყობა, ქურდებთან თანამშრომლობა, ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება და მათით ოპერირება - ეს ის საკითხებია, რომლებსაც "ევროპული საქართველოს" წევრი ოთო კახიძე "ქართული ოცნების" დამახასიათებლად მიიჩნევს.
როგორც გადაცემაში "დღის სტუმარი" კახიძემ ისაუბრა, მოსახლეობას სახელმწიფო პირველ რიგში სწორედ უსაფრთხოებისთვის, დანაშაულზე რეაგირებისა და კრიმინალთან საბრძოლველად სჭირდება. დღევანდელი ხელისუფლება კი სრულიად საპირისპიროს აკეთებს და კრიმინალს ახალისებს.
ვინ წაახალისა საქართველოში კრიმინალი, ვინ თქვა რომ კრიმინალის ზრდას უნდა მოვეკიდოთ გაგებით? - ბიძინა ივანიშვილმა. ვინ წაახალისა საქართველოში ქურდებთან თანამშრომლობა? ქურდების აქეთ-იქით ტარება, საზღვრებიდან გაუჩინარება, სარფი იქნება, აეროპორტი იქნება თუ სხვა.. არჩევნებში მათი გამოყენება, - "ქართულმა ოცნებამ" კალაძის მეთაურობით. ვინ იყენებს ზონდერჯგუფებს, სხვადასხვა სპორტსმენებს თუ კრიმინალურ ავტორიტეტებს თავისი მიზნებისთვის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, საარჩევნოდ ხალხის დასაშინებლად, ვინ აკეთებს ამას? ამას როცა ხელისუფლება აკეთებს, უკვე ვკარგავთ სახელმწიფოს ნიშნებს. სახელმწიფო ჩვენს მოქალაქეებს პირველ რიგში სჭირდებათ იმისთვის, რომ დაიცვას მოქალაქის უსაფრთხოება, რეაგირება მოახდინოს დანაშაულზე, ებრძოლოს კრიმინალს.. სხვა მნიშვნელოვანი დანიშნულება სახელმწიფოს არ აქვს. ეს არის ცენტრალური საკითხია, ამისთვის გვჭირდება სახელმწიფო. და როცა სახელმწიფო არათუ ებრძვის კრიმინალს, არამედ მასთან თანამშრომლობს, ეს ნიშნავს უკვე სახელმწიფოს სრულ ეროზიას. სახელმწიფოებრივი ნიშნები უკვე არ გვაქვს, ეს არის რაღაც ოლიგარქიულ-მაფიოზური მმართველობის მახინჯი ფორმა, სადაც ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია მისი პირადი უსაფრთხოება და არ ანაღვლებს საზოგადოება როგორ იქნება, კრიმინალი გაიზრდება თუ შემცირდება და ა.შ. - ამბობს ოთო კახიძე.