სტრასბურგში მიღებულ რეზოლუციას ქართული ოცნება ჯერ არ გამოხმაურებია, თუმცა ცნობილა ის, რომ დოკუმენტს საქართველოს ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა, ისინი კენჭისყრაზე არ გამოცხადდნენ. მიზეზი კი გახდა ჩასწორება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
რეზოლუციის მთავარი შინაარსია, რუსეთი გამოცხადდეს ტერორისტულ სახელმწიფოდ.
ევროსაბჭოს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილი მოხსენიებულია პუტინის პატიმრად და ნათქვამია, რომ მისი საქმე უნდა გადაიხედოს. დოკუმენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ერთად, პუტინის პატიმრადაა მოხსენიებული ვლადიმერ კარამურზა. რეზოლუცია მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს:
"ყველაზე გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა შორის, რომლებსაც დევნიან ომის წინააღმდეგ კრიტიკის გამოთქმისთვის, არის ვლადიმირ კარა-მურზა, რომელიც დაკავებულია 2022 წლის აპრილიდან. 2022 წლის 10 ოქტომბერს ასამბლეას პატივი ჰქონდა, დაეჯილდოვებინა ბატონი კარა-მურზა ვაცლავ ჰაველის პრემიით, რითაც დაადასტურა მხარდაჭერა მისი გამბედაობისა და მონდომებისადმი დემოკრატიული და მშვიდობიანი რუსეთის შესაქმნელად. ასამბლეა რუსეთის ხელისუფლებას ვლადიმირ კარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ასამბლეა ასევე მოითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტპატიმრების საქმეების განხილვას და მათ გათავისუფლებას (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის)." ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ [PACE] აღნიშნული რეზოლუცია გუშინ, 13 ოქტომბერს ერთხმად მიიღო.
ასამბლეის არსებობის 75 წლის განმავლობაში, პირველად ჩაიწერა დოკუმენტში ფრაზა - ,,ტერორისტული რეჟიმი''. საპარლამენტო ასამბლეამაც პირველად გამოაცხადა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ. ასამბლეაში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის, მარია მეზენცევას თქმით, მნიშვნელოვანია, ჩადენილი დანაშაულებისთვის, ევროსაბჭოში დაიწყონ მსჯელობა, რუსეთისათვის ტრიბუნალის შექმნის რეალურ მექანიზმებზე.