
წადი არჩევნებზე და მოიგე ტესლა! - "გირჩი" მათთვის, ვინც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, "ტესლას" ავტომობილებს გაათამაშებს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გააკეთა.
ჯაფარიძემ ჟურნალისტებს გათამაშებაში მონაწილეობის პირობები გააცნო და განაცხადა, რომ ავტომობილებს იმ თანხით შეიძენენ, რომელსაც პარტიას სახელმწიფო დასაფინანსებლად ურიცხავს.
მისი თქმით, მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ცესკოს ერთიან სიაშია რეგისტრირებული და 31 ოქტომბერს მისთვის სასურველ პარტიას მისცემს ხმას. ხმის მიცემის შემდეგ კი გათამაშებაში მონაწილეობის დასადასტურებლად, უნდა გადაიღოს სელფი საარჩევნო უბანთან და "ფეისბუქის" პირად გვერდზე ატვირთოს.
გირჩი არ აპირებს, რომ გადასახადის გადამხდელებისგან აიღოს ფული. ბევრი ვიფიქრეთ, რა გვექნა ამ ფულისთვის და გადავწყვიტეთ, ის გამოგვეყენებინა არჩევნებზე მოქალაქეების მისვლის მოტივაციის გასაზრდელად. პარტიისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ფულით შევიძენთ ავტომობილ "ტესლას", რომელსაც გავათამაშებთ. რაც მეტ ხმას მიიღებს გირჩი, მით მეტი იქნება საბიუჯეტო დაფინანსება და მით მეტი "ტესლა" გათამაშდება, - განაცხადა ჯაფარიძემ.
პარტიის ლიდერის ინფორმაციით, "გირჩს" დღეიდან ექნება ოფიციალური ვებგვერდი და საკუთარი გაზეთი, სახელწოდებით "მეტი თავისუფლება".
ავტორი: ია გულიაშვილი