
პოლიტიკური მოძრაობა "ლელო" შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ოპოზიციური პარტია ძალოვანი უწყებების პირველი პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს გიორგი შაქარაშვილის საქმეს უკავშირებს და აცხადებს, რომ ამ ტრაგედიის გამოძიების პროცესში იკვეთება არაერთი მძიმე დარღვევა, კომპეტენციის ნაკლებობა და პროფესიული შეცდომები.
"ლელოს" წევრები აცხადებენ, რომ მხოლოდ შაქარაშვილისა და კობა კობალაძის შვილის საქმეებიც კი პირდაპირ მიუთითებს სისტემურ კრახზე, რაზეც პასუხისმგებლობა კონკრეტულმა პირებმა უნდა აიღონ.
საქმეს ვერ იძიებენ, ეს სისტემა კლავს, ეს სისტემა ხელს აფარებს, ეს სისტემა არის არაკვალიფიციური და პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი. "ლელო საქართველოსთვის" არ შეეგუება იმას, რაც დღეს ხდება სამართლადამცავ სისტემაში, ჩვენი მიზანია არა რაღაც ცვლილებები, არამედ ამ სისტემის სრული ტრანსფორმაცია - თქვა კახა კოჟორიძემ.
მათი თქმით, საზოგადოებაში ბევრი კითხვაა, რომელიც ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება.