წახალისებული დანაშაული - "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდამსხმელ აქტივისტს "ოცნება" მფარველობს

გამოქვეყნდა:

სკანდალური ფარული ჩანაწერი ადასტურებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე განხორციელებული თავდასხმის მთავარი ფიგურანტი "ქართლი ოცნების" აქტივისტია.

ეს ყველაფერი არ არის. დავით შოთაშვილმა ოპოზიციის შენობა პოლიციის თავლწინ დაარბია, სამართალდამცველებს არც ოფისის ტექნიკისა და არც ინვენტარის გადანგურებაზე ჰქონიათ რეაგირება.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მშვიდად ადევნებდა თვალს, როგორ ამტვრევდა "ქართული ოცნების" ლოგოიან მაისურში ჩაცმული აქტივისტი ოპონენტების საკუთრებას. როგორც გაირკვა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყოფილი მაღალჩინოსანი და დღეს უკვე "ოცნების" გამორჩეული აქტივისტი თავს ესხმის ოპონენტებს, თუმცა როგორც სხვა შემთხვევაში, მმართველი გუნდის მფარველობის ქვეშ მყოფი შოთაშვილი დაუსჯელი რჩება.

ფარული ვიდეოჩანაწერი გორში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე განხორციელებული თავდასხმის მთავარი მტკიცებულებაა. აგრესიული მამაკაცი, რომელიც შენობის შუშებს ქვებით ამსხვრევს, "ქართული ოცნების" აქტივისტი დავით შოთაშვილია. თავდასხმის დღესაც, შემთხვევის ადგილზე პარტიის მაისურით მივიდა. დილის 10 საათიდან 11-ის 14 წუთამდე ყველაფერი გაანადგურა. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო კი პოლიციის როლია. თავდასხმის დროს რამდენიმე ეკიპაჟი ტერიტორიაზე ისე გადაადგილდებოდა, რომ რეაგირება საერთოდ არ მოუხდენია. 

შუშების ჩამსხვრევა მხოლოდ დასაწყისი იყო. რამდენიმე წუთში შენობაში შეაღწია, მონიტორი გამოიტანა და შუა ქუჩაში, პოლიციის თვალწინ დაამსხვრია. გაანადგურა ორგანიზაციის ყველა ინვენტარი: სავარძელი, კომპიუტერები და მონიტორები. სამართალდამცველების დამალულ ფაქტებს ვიდეო მტკიცებულებაში ააშკარავებს, სადაც ჩანს, რომ თავდასხმიდან რამდენიმე წუთში პოლიცია შუახნის მამაკაცთან მიდის, ესაუბრება, თუმცა არ აკავებს და ტერიტორიიდან ათავისუფლებს. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება საგამოძიებო მოქმედებები.

ოპოზიციაში იხსენებენ, რომ "ქართული ოცნება" აგრესიულ დაჯგუფებებს სწორედ მათ წინააღმდეგ იყენებს. შუახნის მამაკაცის მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე კარგად იციან გორის პოლიციაშიც, თუმცა ოპოზიციის მტკიცებით, თავდამსხმელებს ადგილობრივი ხელისუფლება მაინც მფარველობს. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, "ქართული ოცნება" დავით შოთაშვილს უკვე წლებია მფარველობს. რამდენიმე წლის წინ საჯარო მოხელე იყო, თუმცა ბოლო პერიოდში, გორში მას "ოცნების" აქტივისტად იცნობენ. რა კავშირი აქვს პარტიას თავდამსხმელთან და რატომ მფარველობენ დამნაშავე ჯგუფს, ამის გასარკვევად "ოცნების" ოფისს მივაკითხეთ. გაგვიმართლა და ორგანიზაციაში ფრაქციის თავმჯდომარე დაგვხვდა, რომელმაც თავდამსხმელთან ყველანაირი კავშირი უარყო და დანაშაულს გაემიჯნა. 

დავით შოთაშვილის ბიოგრაფიის გადასამოწმებლად მისი ოჯახის ძებნა დავიწყეთ. სახელისა და გვარის ხსენებაზე მასთან ნაცნობობას ყველა უარყოფდა. მივაკითხეთ სავარაუდო საცხოვრებელს, სადაც კარი არ გაგვიღეს. მოგვიანებით კი დაგვიდასტურეს, რომ შოთაშვილი რამდენიმე კვირის წინ, ოპოზიციის ოფისზე თავდასხმისთვის დააკავეს. მანამდე ის მამასთან ერთად ქირით, სარდაფში ცხოვრობდა. შვილის დაკავების შემდეგ მეზობლებს მამა აღარ უნახავთ. 

რა ეტაპზეა გამოძიება, ამის გასარკვევად გორის პოლიციას მივმართეთ. სამართალდამცველების აგრესიამ მოლოდინს გადააჭარბა. პოლიცია დუმს უმოქმედობაზე, რომელიც 26 ივნისს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმის დროს გამოიჩინა. მას შემდეგ, რაც საქმეში მედია ჩაერთო და დამნაშავის ვინაობაც დადგინდა, სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ, დავით შოთაშვილი სხვისი ნივთის დაზიანებისთვის დაეკავებინათ. 

შოთაშვილი პოლიციამ რამდენიმე საათის შემდეგ, მოგვიანებით აიყვანა. აღკვეთის ღონისძიების სახით მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი დაკავებულს 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი