
კიდე ერთი უსარგებლო ხიდი, რომელთანაც ვერ მიხვალთ. კავთისხევში სამი წლის წინ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტი დაასრულა, მაგრამ ნაგებობის რეაბილიტაცია მხოლოდ დოკუმენტებით დასტურდება, რეალურად ხიდთან მისვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. საფეხმავლო გზა არ არსებობს და კონსტრუქციაზე მოსახვედრად მოსახლეობამ საავტომობილო გზით უნდა ისარგებლოს ან სარეყავი არხით.
კასპის რაიონში ხიდს ახლა მუშები წმენდენ, თუმცა კავთისხევში დარწმუნებულები არიან, რომ ნაგებობას მაინც ვერ გამოიყენებენ. სოფელში ხიდის რეაბილიტაცია სამი წლის წინ დასრულდა, მას შემდეგ უხარისხოდ გაკეთებული გადასასვლელი ჯებირები ყოველდღიურად იშლება და ფეხით მოსიარულეებისთვის ხიდით სარგებლობა თითქმის შეუძლებელი ხდება.
სოფლის რწმუნებული არ უარყოფს, რომ ხიდის რებილიტაციის თანხა ფაქტობრივად წყალს გაატანეს. კავთისხევის ხელმძღვანელი იხსენებს, რომ ხიდის ჩაბარების დროს კომპანიის წარმომადგენლებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა, თუმცა დაშვებული შეცდომის გამოსწორება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეძლო. ახლა ადგილობრივ თვითმმართვლეობაში თავს მხოლოდ იმით იმშვიდებენ, რომ ხიდს მოსახლეობა აქტიურად მაინც არ იყენებს.
ხიდის რეაბილიტაცია 192 ათასი ლარი დაჯდა. შემსრულებელი კომპანია "ბესკო" იყო. იციან თუ არა, რა დაემართა მათ აშენებულ ნაგებობას, "მთავარმა არხმა" ინფორმაციის გადამოწმება კომპანიის ოფისში სცადა. "მთავარმა" აჩვენა ვიდეოც და ფოტოებიც, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა დღეს ვერ გაიხსენა, რა გააკეთეს სამი წლის წინ გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის მოგების შემდეგ.
ოპოზიცია ხელისუფლებას უხარისხოდ შესრულებული საქმის გამო აკრიტიკებს, ხალხის ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს და სრულ პასუხისმგებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრს აკისრებს.
2017 წელს ჩაბარებული ხიდი კავთისხევის მცხოვრებისთვის დღემდე უსაფრთხო არ არის, როდის მოხდება დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება უცნობია.