
რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრისა და დაკავების ფაქტს გმობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული მოქმედებები 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევაა. ის მიზნად ისახავს რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას. დაკავებების, გატაცებების, წამებისა და მკვლელობის პრაქტიკის განხორციელების გზით, რუსეთი სისტემატურად და უპრეცედენტოდ განაგრძობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევას, - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე რუსმა ოკუპანტებმა 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. საქართველოს მოქალაქის გატაცებას საქართველოში აშშ-ს საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი გამოეხმაურნენ და რუსეთს 2008 წელს ნაკისრი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს.