
მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ იქმნის საკანონმდებლო გარანტიებს, რაც ოპოზიციის შეფასებით, მას ბიზნესზე ზეწოლას გაუადვილებს - ასე აფასებენ ხელისუფლების ოპონენტები კანონპროეტებს, რომლებსაც დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ. საუბარია საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც მარეგულირებელ კომისიებს განუსაზღვრელი უფლებები ენიჭებათ. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიას შეეძლება სატელეკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს სპეციალური მმართველი დაუნიშნოს, ხოლო ენერგოკომპანია სემეკის გარეშე წილებს ვეღარ გაასხვისებს.
უპრეცედენტო შემთხვევა ხდება საქართველოს ბიზნეს სამართლის ისტორიაში. დროებითი მმართველის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. დღეს უკვე დროებითი მმართველი შედის კომუნიკაციის სფეროში მარეგულირებლის რაღაც ნებისმიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტები "ოცნების" მმართველობის პერიოდში კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტები შეამცირებს ინვესტიციებს, სამუშაო ადგილებსა და ეკონომიკურ ზრდას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.