
ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავამოწმოთ ყველა სოციალური ჯგუფი და სადაც აუცილებლობა არსებობს, ჩვენს მოქალაქეებს მივეხმაროთ - პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომის გახსნისას ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობაზე და მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებზე ისაუბრა.
პრემიერის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს განესაზღვრა დავალება, რომ სოციალური ჯგუფები, რომელთაც სახელმწიფომ სოციალური დახმარება უკვე გაუწია, კიდევ ერთხელ გადაიხედოს და სადაც ამის აუცილებლობა არსებობს, დახმარების გასაწევად დამატებით ფინანსები მოიზიდოს.
მიუხედავად ყველა იმ პოზიტიური ტენდენციებისა, რომელსაც დღეს ქართული ეკონომიკა აჩვენებს, პანდემიის შოკი გაგრძელდება წლის ბოლომდე, ამ შოკის ზემოქმედება ეკონომიკაზე, როგორც მინიმუმ, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავამოწმოთ ყველა სოციალური ჯგუფი და სადაც განსაკუთრებული აუცილებლობა არსებობს, მოვიზიდოთ რესურსები და ჩვენს მოქალაქეებს მივეხმაროთ, - განაცხადა მან.
პრემიერმა აღნიშნა ასევე, რომ დღევანდელი მდგომარეობით სოციალური დახმარება ქვეყნის 721 ათასმა მოქალაქემ მიიღო.
მისი თქმით, ეკონომიკაში პოზიტიური ნიშნები უკვე შეიმჩნევა ტურისტული სექტორის მიღმა, განსაკუთრებით უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორში და ეს მთავრობის მიერ ამ დარგის დაფინანსების შედეგია.
გახარიას თქმით, რეექსპორტის გამოკლებით, ქვეყანაში ექსპორტის კლება 6-7% იყო, თუმცა მთავრობას უფრო პესიმისტური გათვლები ჰქონდა.
პრემიერმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის დინამიურად განვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ 70 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებით. მან სოფლის მეურნეობის მინისტრს რთველისა და თხილის სეზონის მოახლოების შესახებ შეახსენა.
გახარიამ ისაუბრა ასევე გუშინ, კახეთში მომხდარ სტიქიაზე, რომლის დროსაც რამდენიმე სოფელი დაისეტყვა და განადგურდა მოსავალი.