სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ეს ვიზუალურადაც შესამჩნევია. ამის შესახებ ლომჯარიამ კლინიკა ვივა მედში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
გარდა ამისა, ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კლინიკის ნევროლოგს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მომზადებული აქვს დასკვნა, რომელშიც ნევროლოგიური თვალსაზრისით დინამიკაში უკუსვლაზეა საუბარი.
"შევხვდი მის მკურნალ ექიმს და ასევე, მის ადვოკატს. პირველ რიგში, ვიტყვი რომ მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, იმიტომ რომ უფრო დიდ ხანს მას ვხვდები, რომ უჭირს და არ შეუძლია საუბარი. მე არ ვარ ექიმი, თუმცა ნამდვილად, ერთი შეხედვით და საუბრითაც... მე მახსოვს, როგორი იყო ის შარშან იანვრის თვეში გორის ჰოსპიტალში და ვიზუალურად განსხვავება არის ძალიან თვალში საცემი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩემი აზრით, ნამდვილად, ვიზუალურადაც ეტყობა, რომ არის მკვეთრად გაუარესებული იმ პერიოდიდან მოყოლებული. აქვს ძალიან მკვეთრი დაკარგვა წონის. ვიცი, რომ ნევროლოგსაც აქვს ბოლო დასკვნა გაკეთებული, რომელიც ასევე საუბრობს ნევროლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე და დინამიკაში უკუსვლაზე. ვივა მედის ნევროლოგსაც აქვს დასკვნა, რომ ნევროლოგიური თვალსაზრისითაც დინამიკაში არის უკუსვლა", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
ამავე თემაზე:
მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დარიშხანიც აღმოჩნდა - ადვოკატი