მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს ვერ დაესწრება, განცხადება ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ კლინიკა ვივა მედიდან გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. როგორც დეკანოიძე ამბობს, ვერც ექიმები და ვერც პენიტენციური ვერ იღებს პასუხისმგებლობას, რომ საავადმყოფოდან სასამართლომდე გზაში, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდება.
დეკანოიძის თქმით, შეთავაზებული იყო რეანომობილიც, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამ ეტაპზე არ ექვემდებარება მოძრაობას მათ შორის მანქანაშიც.
"ძალიან მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის წონის მხრივ, ნევროლოგიური დაკვირვების შედეგად არის ძალიან მძიმე შედეგები როგორც მე თვითონ ვესაუბრე მკურნალ ექიმს და ეს არის მისი დასკვნაც, ასევე ნევროლოგის დასკვნაც, რომელიც იყო პარასკევს და დღესაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ამიტომ, როდესაც მე ადმინისტრაციას და მკურნალ ექიმს ვესაუბრე, მას საავადმყოფო და თვითონ ექიმები არ აძლევენ იმის უფლებას, რომ მისი ეტაპირება მოხდეს სასამართლო დარბაზში. პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, რომ გზაში, იმ მონაკვეთში, საავადმყოფოდან სასამართლომდე, მძიმე შედეგი რომ არ დადგეს, ანუ ლეტალური შედეგი. ასევე, ბადრაგი ამბობს, რომ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას და შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სასამართლო დარბაზში ამ ეტაპზე არ მოხდა" განაცხადა დეკანოიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. საზღვრის კვეთის საქმის პროცესია ჩანიშნული. მასზე დასწრების სურვილი მესამე პრეზიდენტმა დღეს თავად გამოთქვა. როგორც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები და თანაგუნდელები ამბობენ, ხელისუფლება მას სასამართლოზე დასწრების უფლებას მიზანმიმართულად არ აძლევს. რათა საზოგადოებამ არ დაინახოს, როგორი მძიმეა მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა.