ბრიუსელიდან დაბრუნებული ზალკალიანი კარანტინში არ წავიდა - საგარეო უწყების განმარტება

გამოქვეყნდა:

ბრიუსელიდან დაბრუნებული დავით ზალკალიანი სავალდებულო კარანტინს არ გაივლის, რასაც ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან უარყოფითი შეფასება მოყვა.

დეტალების გასარკვევად "მთავარი არხი" საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების წესის თანახმად, ვიზიტიდან დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.

მათივე თქმით, ქვეყნის მთავარ დიპლომატს უკვე ჩაუტარდა PCR კვლევა, რომლის შედეგებიც უარყოფითია. 

სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იციან დადგენილების აღნიშნული რედაქცია, კვლავ აქვს ადგილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და ამ თემით სპეკულაციას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ ეცნობიან შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს კანონმდებლობის მიმართ მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე, - განმარტეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ დავით ზალკალიანის კარანტინში წასვლა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა მოითხოვა

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში დაბრუნების შემდეგ, ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი, საქართველოს უკრაინიდან გამოწვეულმა ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ გაიარა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კარანტინში იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხატია დეკანოიძე და კობა ნაყოფიაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი