
საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზზე არსებულ მძიმე ვითარებას.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, გაიზარდოს სადამკვირვებლო მისიის მანდატი, რათა მათ უფრო ეფექტიანად შეძლონ ვითარების გაკონტროლება.
"ჩვენ ყველანი მომსწრე ვართ, რა სიხშირით იტაცებენ ადამიანებს, ვიცით რა მძიმეა ადმინისტრაციულ ხაზს იქით არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მხარდაჭერა დაუდასტურა, რათა ყველა პირობა შეიქმნას მისიის მანდატის განსახორციელებლად.
"ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, არ უნდა შევეგუოთ ამ სიტუაციას და ვეძებოთ ყველა საშუალება, რითაც შესაძლებელი იქნება, ამ დაძაბულობის მოხსნა და რათა დავუბრუნდეთ ნორმალურ სიტუაციას და ბოლომდე შესრულდეს 2008 წლის შეთანხმება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ადმინისტრაციისვე ცნობით, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პრეზიდენტს მისიის საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა, რომლესაც აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს ობიექტური, ფაქტებზე დამყარებული შეფასება და ანგარიშები.
„ჩემი აზრით, ჩვენი ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ინციდენტებისა და დაკავებების შესაფასებლად, სანამ ისინი უკონტროლო ზღვრამდე გამწვავდება.ვხედავთ, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მძიმე მდგომარეობაა, რაც უკავშირდება ბორდერიზაციის პროცესს და ასევე, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან კონტროლირებადი გამშვები პუნქტების დაკეტვას.სამწუხაროდ, გარკვეული ინციდენტები სწორედ ამ მდგომარეობიდან გამომდინარეობს. ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია არსებული პრობლემების გადაჭრისაკენ მიმართული პრაგმატული დიალოგის გაგრძელება", - აღნიშნა მარეკ შჩიგელმა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, სამომავლო გეგმებს, ჟენევის მოლაპარაკებებსა და სხვა ფორმატებს, რომელიც გააქტიურებული უნდა იყოს.
შეგახსენებთ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მუდმივ პატრულირებას ახორციელებს.