
2016-2020 წლებში შსს-მ სარეკლამო მომსახურებაში 747,522 ლარი დახარჯა - ინფორმაციას ამის შესახებ "ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ რაოდენობის ხარჯების მიუხედავად, უცნობია ინფორმაცია იმ ხელშეკრულებების შესახებ, რომელიც გომელაურის უწყებამ სარეკლამო მომსახურების მიზნით გააფორმა.
კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი რაოდენობის თანხები უწყებამ 2018-2019 წლებში დახარჯა.
2018 წელს - 394,207 ლარი, ხოლო 2019 წელს 234,404 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს სამინისტროს სარეკლამო ხარჯები წინა წელთან შედარებით 21-ჯერ გაიზარდა, თუმცა რითია გამოწვეული თანხების ასეთი მკვეთრი ზრდა, უცნობია.
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, სარეკლამო ხარჯების შესახებ სამინისტროსგან დეტალური ინფორმაცია გამოითხოვეს, თუმცა ვერ მიიღეს, რადგან უწყებამ ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვა და ორგანიზაციის მკვლევარებს ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ინფორმაციაზე მიუთითა. საიტზე არსებულ მონაცემებში კი, როგორც "ფლანგვის დეტექტორში" ამბობენ, მხოლოდ რეკლამირებაში დახარჯული საერთო თანხებზეა საუბარი.
"სამინისტროს სარეკლამო ხარჯების შესახებ ინფორმაციის მოძიება ვერც სამინისტროს მიერ განხორციელებული ტენდერების მეშვეობით შევძელით, რადგან წლის მანძილზე განხორციელებული შესყიდვების ჩამონათვალში სარეკლამო მომსახურების შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არ არის.
საინტერესოა, ზუსტად ვისგან შეისყიდა შსს-მ აღნიშნული მომსახურება, კონკრეტულად როდის შეისყიდა, რა შინაარსის იყო რეკლამები, რომლებსაც სამინისტრო უკვეთავდა, ასევე სად იყო და არის განთავსებული აღნიშნული რეკლამები" - ნათქვამია "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციაში.