გამოდის დეპუტატი, გია ვოლსკი და ამბობს რომ ზოგს დაჭრიან, ზოგს გაიტაცებენო, აბა რა გგონიათ ოკუპაციაო? ამის მერე რისი იმედი უნდა გქონდეს, რომელ ხელისუფლებაზე შეიძლება ლაპარაკი ამ ქვეყანაში? - ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები ხელისუფლების მხრიდან სრულ უყურადღებობაზე საუბრობენ. მათი თქმით, არ აქვთ განცდა, რომ სახელმწიფო მათ იცავს და გატაცებული მღებრიშვილის გამოსახსნელად ქმედით ნაბიჯებს დგამს.
მღებრიშვილის ახლობლები ამბობენ, რომ ის განცხადება, რომელიც ე.წ. უშიშროებამ გაავრცელა, სადაც მღებრიშვილი თითქოს "ღამურების დასაჭერად" გადავიდა ოკუპირებულ მხარეს, აბსურდული და პროვოკაციულია. ოჯახი ვარაუდობს, რომ პროვოკაცია სწორედ ლუგარის ლაბორატორიას უკავშირდება, რომელზეც რუსეთისა და მის მიერ ოკუპირებული რეგიონის "წარმომადგენლების" მხრიდან მუდმივად ვრცელდება დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებები.
ხვიჩა მღებრიშვილის ახლობლები ვარაუდობენ, რომ დაკავებულმა ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა.
ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 12 დღის წინ, სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.
განცხადება კი ე.წ. უშიშროებამ გუშინ გაავრცელა, სადაც წერია, რომ “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში გავრცელებული ღამურების პოპულაცია, 2012 წლის შემდეგ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინტერესს წარმოადგენს”.
ხვიჩა მღებრიშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი საკარანტინე პერიოდის ამოწურვის შემდეგ გაიმართება.