ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

გამოქვეყნდა:

ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, მოსაზრებაში მიმოხილულია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას:

"მე, როგორც სახალხო დამცველმა გუშინ ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ ჩვენს სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე" განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ის იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ომბუდსმენის აპარატის მოსაზრებას. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები მზად არიან მივიდნენ სასამართლო პროცესზე და მიაწოდონ მოსამართლეს უფრო მეტი ინფორმაცია. ლომჯარიას განცხადებით, თავად მოსამართლესაც შეუძლია მივიდეს კლინიკაში და თავად ნახოს და შეაფასოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა.

"ვფიქრობ, რომ საკმაოდ არგუმენტირებული არის ჩვენი სასამართლო მეგობრის მოსაზრება და დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო მას გაითვალისწინებს. მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ასევე გამოვხატეთ მზაობა, რომ აპარატის შესაბამისი წარმომადგენლები წარდგნენ სასამართლოს წინაშე და ადგილზე მიაწოდონ ინფორმაცია. ასევე, თავად მოსამართლესაც შეუძლია მოინახულოს პატიმარი და ადგილზე გაეცნოს ვითარებას, დარწმუნდეს და შეაფასოს არსებული ვითარება.

ამიტომ, იმედიანად ვარ, თუმცა ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება" განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, ნინო ლომჯარიამ დღეს სახალხო დამცველის თანამდებობაზე 5 წლიანი მუშაობა დაასრულა. მისი ბოლო გადაწყვეტილებები იყო სწორედ მიხეილ სააკაშვილის საქმე და ნიკა გვარამიას საქმე. გუშინ ომბუდსმენის აპარატმა გამოაქვეყნა მთავარი არხის დაპატიმრებული დირექტორის სააპელაციო განაჩენზე დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიას საქმეში დასტურდება პოლიტიკური მოტივაცია და ირღვევა ევროკონვენციის მე-18 მუხლი.

ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე, პირველი სხდომაა ჩანიშნული, რომელიც 13 საათზე დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი