
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს, 19 ივლისს მესამე მოსმენით უყრის კენჭეს. მიუხედავად იმისა, რომ განხილვების შემდეგ კანონპროექტში ცვლილებები შევიდა ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა მას მხარს მაინც არ უჭერს.
დროებითი მმართველი ინიშნება მაშინ, როცა კომპანია ვერ ახერხებს ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებას, ეს იქნება დავალიანება სახელმწიფოს წინაშე, თუ ეს იქნება კომპანიების წინაშე. ამ შემთხვევაში, მარეგულირებლის ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსასრულებლად შესაძლოა დროებითი ადმინისტრაცია დაინიშნოს. ეს არის ნონსენსი, ეს იმას ნიშნავს რომ ხელისუფლებას უნდა ბოლომდე გააკონტროლოს ეს ბიზნესი - თქვა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რომან გოცირიძემ.
ევროპულ საქართველოში მიიჩნევენ, რომ კანონი ბიზნესის განთვირებას ხელს შეუშლის და ქვეყნაში ნაკლები ინვესტიცია შემოვა.
ამოცანა არის ერთადერთი, ბიზნესი იყოს წნეხისა და კონტროლის ქვეშ, დასჯის შიშით, რომ ქართულმა ოცნებამ ახლა წინასაარჩევნოდ, თავის ყულაბაში მეტი ფული მოაგროვოს და გრძელვადიანად, თუკი ხელისუფლებაში დარჩებიან, ასეთ შემთხვევაში ბიზნესის წილების გადანაწილება თავად აკონტროლონ - თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ პრინციპი რა ცვლილებაც ხორციელდება არის სწორი ქვეყნის ინტერესებისთვის.
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა მხარი ორი მოსმენით დაუჭირა, მესამე მოსმენა კი ცოტახანში დაიწყება.
ცვლილებების პროექტის თანახმად, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ლიცენზირებულ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება ექნებათ.
კანონპროექტის მიხედვით, კომპანიაში სპეციალური მმართველი იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან/და ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.
ცნობილია, რომ დროებით მმართველს არ ექნება წილების გასხვისების უფლება და მას კომუნიკაციების კომისია სასამართლო კონტროლის გარეშე ვერ დანიშნავს.