ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულდა - კარიმ ხანის განცხადება

გამოქვეყნდა:

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის დასრულების შესახებ განაცხადა. საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების დაწყებიდან, ოფისმა შეისწავლა მტკიცებულებები ,რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა.

აღნიშნული გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენია: ბ-ნი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, ბ-ნი გამლეტ გუჩმაზოვი და ბ-ნი დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი.

"ჩემ მიერ წარდგენილი ბრალდებები, რომელთა მიმართებაშიც გაიცა დაპატიმრების ორდერები, ეხება, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და, შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას. როგორც ამ დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას აღვნიშნე, აღნიშნული დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება, ასევე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა", - აღნიშნულია განცხადებაში. 

გარდა ამისა, გამოძიებისას ასევე გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ბ-ნი ვიაჩესლავ ბორისოვის, სავარაუდო როლიც, რომელსაც აღნიშნული მოვლენების დროს საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა და რომელმაც, სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩადენას.

"დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას  ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემმა ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება პროკურორის ოფისის ეფექტური სტრატეგიის ფორმულირებისა და განხორციელების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს", - აღნიშნავს მოსამართლე. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოფისი გააგრძელებს ძალისხმევას დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართალში მისაცემად. 

"თუმცა, ჩვენი მუშაობა საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით არ დასრულებულა. ჩემი ოფისი აგრძელებს და გააგრძელებს თავისი ძალისხმევის მიმართვას დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართალში მისაცემად. ამ მუშაობამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მნიშვნელოვანი გააქტიურება გამოიწვია ჩვენს ოფისში საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ, წინასწარ მოვემზადოთ სასამართლო განხილვისთვის და უზრუნველვყოთ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვა.

მომავალში კვლავაც აუცილებელი იქნება ჩემი ოფისისა და მისი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაკავება, ასევე არსებული საქმეების განხილვა, რომლებმაც სასამართლო განხილვის დაწყებიდან საბოლოო სააპელაციო წარმოების ჩათვლით ყველა ეტაპი უნდა გაიარონ, მათ შორის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რეპარაციების ეტაპიც. აღნიშნული საქმეები სასამართლო პალატების წარმოებაში დარჩება, ხოლო სასამართლოს კანცელარია თავის მრავალგანზომილებიანი მანდატის განხორციელებას გააგრძელებს", - წერია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარინ ხანის ოფიციალურ განცხადებაში. 

იხილეთ განცხადება სრულად.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი