უგულავას პოლიტპატიმრობას უზენაესი სასამართლოს წერილი ადასტურებს - მოსამართლეებმა 50-ტომიანი საქმე 5 დღეში დაამუშავეს და განაჩენი გამოიტანეს

გამოქვეყნდა:

გიგი უგულავას 50-ტომიანი საქმე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, დაახლოებით, 5 დღეში დაამუშავეს, სარჩელი დასაშვებად სცნეს და 14 დღეში განაჩენიც გამოიტანეს. გამაოგნებელი პასუხი გიგი უგულავას ადვოკატმა, უზენაესი სასამართლოდან მიიღო. ეს წერილი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკურ პატიმრობას უკვე პირდაპირ, დოკუმენტურად ადასტურებს.

საპარლამენტო მოსმენებიდან მიღებული შთაბეჭდილებებით, ოპოზიციის წევრებს ეჭვი ეპარებათ, რომ უზენაესი სასამართლოს ახლადდანიშნული მოსამართლეები, გიგი უგულავას მრავალტომიანი საქმის გადამუშავებას და მის ანალიზს სრულფასოვნად შეძლებდნენ. ამიტომ „ევროპული საქართველოს“ წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებამ ახლა უკვე თავად დაადასტურა, ის რაშიც არც დღემდე ეჭვი არავის ეპარებოდა, გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარია.

კიდევ ერთი მტკიცებულება პოლიტიკური განაჩენის შემსრულებლების სიაა. უზენაესი სასამართლოს ოფიციალური დოკუმენტით დგინდება, რომ საქმე თავდაპირველად, 2019 წლის 31 დეკემბერს, მამუკა ვასაძეს დაეწერა. გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, საქმე ინტერესთა კონფლიქტის მოტივით აიცილა, თუმცა იგივე არგუმენტი არ გავრცელებულა მამუკა ვასაძის მაშინდელ უფროსზე, შალვა თადუმაძეზე, რომელიც ოპოზიციის ლიდერის საქმეში ჯერ ბრალმდებელი, შემდეგ კი მოსამართლე იყო.

გიგი უგულავას თანაგუნდელები, დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციის ყველაზე აქტიური ლიდერის დაპატიმრების უკან, ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება დგას. მატროსოვის ციხემდე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ოლიგარქის გაგზავნილმა შუამავალმა, საიდუმლო შეხვედრაზე დაიბარა, სადაც მას გადასცეს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისგან ტონის შერბილებას ითხოვდა; შუამავალმა უარი მიიღო, რასაც რამდენიმე დღეში, უგულავას დაპატიმრება მოჰყვა.

როგორ მოქმედებს ბიძინა ივანიშვილი მისთვის მიუღებელი პოლიტიკოსების მიმართ, საკუთარ თავზე გამოსცადა ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც დაახლოებით 7 წელი სამარტოო საკანში გაატარა; ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ ოლიგარქის პოლიტიკური დევნის შეჩერება, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების აქტიურობას შეუძლია.

გიგი უგულავას დაპატიმრებაზე, რომელსაც ხელისუფლების წინააღმდეგ, დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ახალი ტალღა მოჰყვა, საუბარი არ სურთ მმართველი გუნდის წევრებს. კითხვას დღეს პრემიერი გაექცა.

პოლიტიკური შურისძიება სასამართლოს ხელით და უმაღლესი ინსტანციიდან მიღებული წერილი, კიდევ ერთი მტკიცებულებაა გიგი უგულავას ადვოკატისთვის რომელიც დარწმუნებულია, რომ ქართული მართლმსაჯულების პოლიტიკურ შეკვეთას, ევროპული სასამართლო ტავის სახლის დაარქმევს; ბექა ბასილაია, გიგი უგულავას საქმეს, მალე სტრასბურგში გაასაჩივრებს.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი