სხეული თავდაპირველად ზურგით ესვენა, შემდეგ კი მუცლის მხარეს გადააბრუნეს - უკრაინელი ექსპერტი შაქარაშვილის საქმეზე

გამოქვეყნდა:

მდინარეში პოვნისას გიორგი შაქარაშვილი მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო, - ამის შესახებ უკრაინელმა ექსპერტმა გალინა კარმუშინამ "მთავარ აქცენტებში" ისაუბრა.

უკრაინელი ექსპერტის თქმით, 19 წლის ფეხბურთელის ცხედარს ექსპერტიზისას აღენიშნებოდა ე.წ. გვამური გაშეშება, რომელიც გარდაცვალებიდან 48 საათში აღარ შეინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მდინარეში პოვნისას გიორგი შაქარაშვილი მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო.

გარდა ამისა, როგორც კარმუშინა ამბობს, არ იყო დაწყებული სხეულის ხრწნა. მაღალი ტემპერატურის გათვალისწინებით, თუ შაქარაშვილი მართლაც 4 დღის გარდაცვლილი იქნებოდა, ხრწნა აუცილებლად უნდა დაწყებულიყო.

გარდაცვლილის ხელებით თუ ვიმსჯელებთ, კარმუშინას აზრით, ცხედარი შეუძლებელია ყოფილიყო წყალში 4 დღის განმავლობაში, ვინაიდან, როგორც ექსპერტიზის დასკვნაში წერია, მას აღენიშნებოდა ე.წ. "მრეცხავის ხელთათმანი". 4 დღის განმავლობაში წყალში ყოფნის შემთხვევაში კი უნდა ყოფილიყო ე.წ. "სიკვდილის ხელთათმანი", ანუ ხელებს უნდა მოცილებოდა ფრჩხილები და კანი.

ცხედარს აღენიშნებოდა გარკვეული მანიპულაციები, რასაც მოწმობს გვამური ლაქები ზურგსა და მუცელზე... როგორც ჩანს, სხეული თავდაპირველად ზურგით ესვენა, შემდეგ კი მუცლის მხარეს გადააბრუნეს, - ამბობს ექსპერტი.

მიუხედავად ამისა, ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სიკვდილი დადგა წყალქვეშ, რადგან იკვეთება დახრჩობის აშკარა ნიშნები. შაქარაშვილი ცოცხალი იყო, როდესაც ის წყალში ჩავარდა, თუმცა რა მდგომარეობაში, ამის დაზუსტებით თქმა რთულია.

აღსანიშნავია, რომ კარმუშინას განმარტებით, ცხედარს სისხლჩაქცევებიც ეტყობოდა, რომლებიც წყალქვეშ, უბრალოდ, ვერ გაუჩნდებოდა. სისხლჩაქცევები იყო სახის არეშიც, თვალის ირგვლივ რასაც ე.წ. "სათვალის სიმპტომსაც" ეძახიან. ეს ნიშნავს, რომ შაქარაშვილს წყალში ჩაგდებამდე, სავარაუდოდ, ფუძის მძიმე მოტეხილობა მიაყენეს.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი