ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! - ამ ლოზუნგით მოძრაობა "შეცვალე", "სირცხვილია", "გაბედე" და ორგანიზაცია "დემოკრატიული მომავლისთვის" შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციის მიზანია ბოლო დროს გახშირებული ბუნდოვანი მკვლელობების ფონზე, საზოგადოებამ საგამოძიებო უწყებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისკენ მოუწოდოს.
საპროტესტო აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მონაწილეებმა წითლად შეღებილი ხელთათმანების შსს-ს ღობეზე გაკვრა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 22 ივლისს, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი, 5 დღიანი გაუჩინარების შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარი მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვეს.
გუშინ, 21 ივლისს კი, თბილისის ზღვაზე, 2 არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს. სამაშველო სამსახური და მყვინთავები ზღვაში შესულ ბავშვებს 6 საათის განმავლობაში ეძებდნენ. აღსანიშნავია, რომ თბილისის ზღვაზე არ არიან დარაჯები ან მაშველები, არ არის გამაფრთხილებელი აბრები, შესაბამისად ტერიტორია მეტ წილად დაუცველია.
ასევე გასულ კვირას, 19 ივლისს, ქუთაისში 30 წლამდე ქალი მეზობლებმა მოკლული იპოვეს. ადგილობრივების თქმით, ქალი რამდენიმე წუთის განმავლობაში შველას ითხოვდა, მას შემდეგ კი, რაც ხმაური შეწყდა, დაახლოებით ორ საათში, მეზობლები მის სახლში ავიდნენ, თუმცა, პასუხი არავინ გასცათ. საქმეზე რამდენიმე პირია დაკავებული, მათ შორის 2 დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.
უკვე 1 თვეზე მეტია კი, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება მიმდინარეობს. შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, დღემდე იკითხებიან საქმის სხვა და სხვა ფიგურანტები.