საზოგადოების დაყოფა, დისკრედიტებული ჟურნალისტები და აგრესიის კულტივირება | როგორ მუშაობს "ოცნების" პროპაგანდა

გამოქვეყნდა:

საზოგადოების დაყოფა, პოლიტიკის რადიკალიზაცია, საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივება, კოლექტიური აგრესიის კულტივირება - თუკი ბოლო 10 წლის ქრონიკას თვალს გადავავლებთ, ადვილად დავინახავთ, რომ ამ ხიდჩატეხილობის მთავარი წყარო "ქართული ოცნების" პოლიტიკური დღის წესრიგია. ყოველთვის, როცა "ოცნებას" ელექტორალურად უჭირს, პარტიის პასუხი არა პრობლემების მოგვარება და პოზიტიური დღის წესრიგია, არამედ პირიქით, მტრის ხატის შექმნა ოპონენტებისგან, სისხლიანი ბანერების გამოფენა და საზოგადოებრივი დაპირისპირების კიდევ უფრო გამძაფრება.

რატომ მუშაობს ეს ტაქტიკა? იმიტომ რომ ჩვენ ვაძლევთ ამის შესაძლებლობას, ვინც არ უნდა ვიყოთ და რა პლატფორმაზეც არ უნდა ვიდგეთ. ამ აგრესიის კულტივირების და საზოგადოების ერთი ნაწილის მეორის წინააღმდეგ დაგეშვის ნაწილია ის პროპაგანდისტული ომი, რომელიც ხელისუფლებას ბოლო წლებია მედიის წინააღმდეგ აქვს გაჩაღებული.

5 ივლისის ძალადობა, ნიკა გვარამიას პატიმრობა, ამ ომის ცალკეული, ყველაზე მძაფრი გამოვლინებებია. თუმცა ამ პროპაგანდისტულ ომში არის სხვა ეპიზოდებიც, შესაძლოა ნაკლებად ხმაურიანი, მაგრამ არანაკლებ მავნებლური და შორს მიმავალი ზრახვებით. "ქართული ოცნების" ამ სტრატეგიის ნაწილი აღმოჩნდა ყველა იმ ჟურნალისტის დისკრედიტაცია/დემონიზება, რომელიც გაბედავს და კითხვას დასვამს. სხვათა შორის, იგივე მიდგომების გაგრძელება სულ ახლახანს ვნახეთ, როცა პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებს კითხვის დასმა აეკრძალათ. ანუ თუ დეპუტატი იტყვის, რომ ამ კითხვას არ პასუხობს, და ჟურნალისტი კითხვას მაინც დასვამს, მას პარლამენტიდან მიაბრძანებენ და აკრედიტაციასაც ჩამოართმევენ.

არადა ჩვენ ვსაუბრობთ წარმომადგენლობითი დემოკრატიის ყველაზე მაღალ მწვერვალზე, საქართველოს პარლამენტზე. თუმცა ეს ინსტიტუციაც კი ყველაზე მახინჯი ფორმებით აღმოჩნდა ჩართული საკუთარი საზოგადოების და ჟურნალისტების წინააღმდეგ გაჩაღებულ პროპაგანდისტულ ომში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი