სამტრედია-გრიგოლეთის ჩანგრეული საავტომობილო გზაზე არსებულ ვითარებას ინფრასტრუქტურის მინისტრი ადგილზე გაეცნო. ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ დაწყებულია მიზეზების შესწავლა, რამ გამოიწვია ხიდის მე-8 ბურჯის დაზიანება.
"სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ ლოტზე, რომელზეც მიმდინარეობს მშენებლობა, დაზიანდა მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი, რამაც გამოიწვია ამ ბურჯზე დაყრდნობილი ორი მალის ნაშენის ჩაწოლა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, რაც ყველაზე მთავარია. უკვე დაწყებულია მიზეზების შესწავლა, ჩართულია აბსოლუტურად ყველა შესაბამისი სამსახური, ექსპერტები, ინჟინრები, რათა დადგინდეს ამის გამომწვევი მიზეზები. ბუნებრივია, შესწავლის შედეგად, მიზეზებიდან გამომდინარე, უკვე განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები“- განაცხადა ქარსელაძემ.
სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დილიდან იმყოფებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი და მდინარე რიონის წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება დაზიანებული და ჩაწოლილი მონაკვეთის სპეციალური შესწავლა
სამტრედია-გრიგოლეთის პირველი 11.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. გზის ეს მონაკვეთი გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს). სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ხიდი გუშინ, 21 თებერვალს ჩაინგრა