მოძრაობა "სირცხვილია" გუშინ, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, რომლის დროსაც რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილები ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. "სირცხვილია" ამბობს, რომ გუშინდელი ბრძოლის სათავეში არ ყოფილა არცერთი პარტია, ორგანიზაცია თუ ჯგუფი და რომ გუშინ ხალხმა თქვა საკუთარი სიტყვა.
"სირცხვილია" ამბობს, რომ იდგებიან იქ სადაც დგას ქართველი და დაიცავენ საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას.
9 აპრილის გმირებს გაუჭირდებოდათ იმის დაჯერება, რომ გავიდოდა დრო და რუსული ნიჩბით ქვეყნის ფესვების მოთხრას საქართველოს არჩეული მთავრობა დაიწყებდა.
და აი, ჩვენ აქ ვართ, რუსთაველზე, რათა პატივი მივაგოთ თითოეული ადამიანის ძალისხმევას, ვინც ჩვენი ქვეყანა ჩვენამდე მოიყვანა და ჩაგვაბარა.
ჩვენ ისევ აქ ვდგავართ და დილიდან საღამომდე ვიცავთ საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას, დაიკავოს კუთვნილი ადგილი ევროპული სახელმწიფოების ოჯახში.
გუშინ ჩვენი ბრძოლის სათავეში არ ყოფილა არცერთი პარტია, ორგანიზაცია თუ ჯგუფი. ეს იყო შეკრება, რომელიც ხალხის მიერ ხალხისთვის გაიმართა. გუშინ ხალხმა საკუთარი სიტყვა თქვა.
ჩვენ ვაპროტესტებთ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რუსული კანონმდებლობის ამოქმედებას, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალი ქვეყნისთვის გადაულახავ დაბრკოლებად იქცევა.
მშვიდობიანი პროტესტისადმი პასუხს ხელისუფლება ისევ რუსული „შპარგალკიდან“ იწერს: ძალადობა, გაზი, ჭავლი, ტყუილი, ცილისწამება, დაკავებები... თუმცა ჩვენ ვიდგებით იქ სადაც დგას ქართველი, ისევ უთანასწორო ბრძოლაში.
ისევ თავისუფლებისთვის. დღეს. ხვალ. ზეგ. ყველგან. ყოველთვის. უპირობოდ. გმადლობთ პატივისთვის, რომ ვართ ერთად ამ ისტორიულ ბრძოლაში. თქვენთან ერთად.
არა რუსულ რეჟიმს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!" - წერს სირცხვილია.
ცნობისთვის, დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "სირცხვილია" დაასახელა იმ "რადიკალებს" შორის, რომლებიც მისი თქმით, უცხოეთიდან ფინანსდებიან და რაც "რუსული კანონის" მიღების შემდეგ გამჭვირვალე იქნება.
გუშინ ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც "რუსული კანონის" მიღებას აპროტესტებდნენ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, ძალადობით დააკავეს არაერთი მოქალაქე. გავრცელებული ცნობით, გამოყენებული იყო რეზინის ტყვიებიც.
დღეს მოქალაქეები რუსთაველზე 15:00 საათზე შეიკრიბებიან.