
გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტები დღეს ისევ საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. ამ წუთებში გამომძიებლების შეკითხვებს ვანო თეგაძე და მისი მეგობარი გოგო პაუხობენ, რომლებიც ტრაგედიის ღამეს მცხეთის აგარაკზე დარჩნენ. სწორედ ისინი არიან მოწმეები, რომლებიც ე.წ. ნახალოვკელების დაჯგუფებას ნარეკვავში დახვდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რასთან დაკავშირებით არიან ისინი დაბარებული პოლიციაში.
ნახალოვკელთაგან ერთ-ერთის, ა.ქ.-ს ჩვენება სხვა დაკავებულების, მათ შორის, "ოქროს მოწმის" ჩვენებასთან წინააღმდეგობაში მოდის. ა.ქ.-ს თავის ჩვენებაში ამბობს, რომ ნარეკვავიდან წამოსვლის დროს, დაახლოებით 5 წუთში, მათ გზის პირზე 4 ადამიანი შენიშნეს, ხოლო ერთ-ერთი დაკავებული, ზ.ხ. ამბობს, რომ მათ ეს პირები შემთხვევით არ დაუნახავთ, არამედ მანქანიდან მიზანმიმართულად გადავიდნენ.
გურამ ამირხანაშვილთან დაკავშირებით კი ა.ქ. აღნიშნავს, რომ დაინახეს, როგორ გარბოდა ამირხანაშვილი, ეძახდნენ და ეს უკანასკნელი საკუთარი ნებით გამოვიდა მათთან. თავად "ოქროს მოწმე" კი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ როდესაც ისინი თბილისში ბრუნდებოდნენ, "ტოიოტა ქემრის" მგზავრებს, არაგვის ხიდთან ავტომობილი გაეჩერებინათ, თუმცა ა.წ. თავის ჩვენებაში საწინააღმდეგოს ამბობს.
საქმეში ჩართული ადვოკატები ამბობენ, რომ ამჯერად არსებული მტკიცებულებებით ბრალი ვერც ერთ დაკავებულს ვერ დაუმძიმდება და სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებასაც უკანონოდ მიიჩნევენ. ადვოკატ გიორგი ყიფშიძის თქმით, მოწმე, რომელიც გამოძიების პროცესში ცვლის ჩვენებებს, მისგან სასამართლოზეც განსხვავებული ჩვენების მიცემაა მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 27 ივლისს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11 სრულწლოვნის პირველი სასამართლო გაიმართა, სადაც მათთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ. მოსამართლე მაია ოშხარელმა 11-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ამ სხდომაზე 11-დან 8 დაკავებულმა წარდგენილი ბრალდება უარყო. ორმა საბურთალოელმა, საბა ჩხარტიშვილმა და საბა გოგშელიძემ კი დუმილის უფლებით ისარგებლეს, ხოლო ბრალი ნაწილობრივ აღიარა ირაკლი წაქაძემ.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი კი 31 ივლისს გაიმართება.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.