
"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" პატიმარ გიორგი რურუას საქმეზე მონიტორინგის შედეგებს წარადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის პირადი ჩხრეკისა და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს, არაერთხელ დაირღვა კონსტიტუცია.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რისი იდენტიფიცირებაც ორგანიზაციამ მოახდინა, ეს არის პროცესი, როცა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის პროცესში არ მიეცა ადვოკატს საშუალება ჩართულიყო საგამოძიებო მოქმედებაში, რაც ფაქტობრივად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მნიშვნელოვანია, ბრალდებულს დაკავების პროცესში არ მიეცა შესაძლებლობა დაკავშირებოდა ადვოკატს და ოჯახის წევრებს, რაც ეწინააღმდეგება კონსისტუციას და სისხლის სამართლის კოდექსს, - თქვა ცენტრის იურისტმა, გიორგი კაკუბავამ.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გიორგი რურუას დაკავების დროს კონსტიტუცია დაირღვა მაშინაც, როცა სავარაუდო ბრალდებულის მანქანის ჩხრეკა დაკავებიდან 3 საათისა და 40 წუთის შემდეგ მოხდა, ასევე, დაკავების ოქმზე სავარაუდო ბრალდებულის ხელმოწერა არ არის.
გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებს. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებს.
გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ საერთაშორისო პარტნიორებიც და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლება პირობას ამ დრომდე არ ასრულებს.