
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 40 დღე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ 19 წლის ფეხბურთელის საქმის ტომები სწრაფად მრავლდება, გამოძიებას ისევ არაფერი აქვს ხელმოსაჭიდი, რაც ბოლო დროის ერთ-ერთ ყველზე რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს უპასუხებს.
გამოკითხვების სერია დღემდე გრძელდება, თუმცა გამოძიება დუმს იმის თაობაზე, თუ რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს, რომელიც სასამართლოში დაკავებულებისთვის ბრალის განზრახ მკვლელობის მუხლით წარდგენას გეგმავს.
სასტიკი მკვლელობის საქმეში გაჩნდა 22-ე ტომი, სადაც ძირითადად ნარეკვავში მყოფი მოზარდების ჩვენებები დევს. სწორედ ამ ტომიდან ირკვევა რომ საქმის "ოქროს მოწმემ" და დაკავებულმა არასრულწლოვანმა გამოძიებას კვლავ შეცვლილი ჩვენება მისცა.
შაქარაშვილის მკვლელობიდან 40 დღე ისე გავიდა, რომ ამ დრომდე არ ვიცით როდის და ვინ მოკლა ფეხბურთელი. განზრახ მკვლელობის მუხლით გამოძიება უკვე მიმდინარეობს, თუმცა მტკიცებულებები არავის უნახავს. კრიმინალური პოლიცია საბედისწერო დაბადების დღის ფიგურანტებს უწყვეტ რეჟიმში კითხავს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიება მკვლელს ამ დრომდე ეძებს.
შეცვლილი ჩვენებები, განადგურებული მტკიცებულებები და დაგვიანებული საგამოძიებო მოქმედებები საქმის ადვოკატებს არწმუნებს, რომ განზრახ მკვლელობის მუხლით, პროკურატურა ვერცერთ დაკავებულს ვერ გაასამართლებს. თუმცა, 11 დაკავებულის პატიმრობაში დატოვება, უფლებადამცველებს აფიქრებინებს, რომ გამოძიება მტკიცებულებების გარეშე მათთვის ბრალის დამძიმებას მაინც გეგმავს.
11 ბრალდებულიდან ერთი, ვინც მცხეთის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, არჩილ გაგნიძეა. საქმის ახალი მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებული მორაგბე გამოძიებას ჩვენების მიცემაზე უარს უნდობლობის გამო უცხადებს.
22-ე ტომში გამოჩნდა დაკავებული არასრულწლოვანის ახალი ჩვენებაც, სადაც ის ყვება, რომ ახალგაზრდებს მხოლოდ დასახმარებლად გაეკიდნენ, იპოვეს ფერადი შენობის უკან დამალული გური ამირხანაშვილი და თბილისში წამოიყვანეს.
ახალი მასალების მიხედვით, ჩვენება საქმის "ოქროს მოწმემაც" შეცვალა. ვახტანგ ახვლედიანი გამოძიებას, ამჯერად, კონკრეტულ ფიგურანტებს უსახელებს. დაზარალებულმა კი მომხდარი დაპირისპირებიდან მხოლოდ 1 თვის შემდეგ გაიხსენა, ვინ იყვნენ საბედისწერო ღამის ფიგურანტები.
შეცვლილი ჩვენებებისა და განადგურებული მტკიცებულებების ფონზე, გამოძიებას მკვლელის ვინაობის დადგენა, სავარაუდოდ, გაუჭირდება. რა ახალი მასალები დევს განზრახ მკვლელობის საქმეში, არავინ იცის, თუმცა სახელმწიფო ბრალდება, უმძიმესი მუხლით, უკვე დაკავებული პირების და მათ შორის, არასრულწლოვნების გასამართლებასაც ვარაუდობს.