მხარდაჭერა მოსკოვის საპატრიარქოს | გორისა და ატენის ეპარქია წერილის გაგზავნის მოტივებს განმარტავს

გამოქვეყნდა:

გორისა და ატენის ეპარქია მოსკოვის საპატრიარქოს მხარდაჭერაზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ წერილი უკრაინის მოქალაქე მიტროპოლიტის მიმართ გაგზავნეს, რადგან ის დაბადებული და გაზრდილია უკრაინაში და მისი მრევლი უკრაინის მოსახლეობას შეადგენს.

"ჩვენ გვინდა, რომ ავხსნათ და არა თავი ვიმართლოთ, არამედ ავღწეროთ, რა მიზეზით იქნა ეს წერილი გაგზავნილი და რა იყო ნაგულისხმევი. ოფიციალურად ჩვენს ეპარქიაში შემოვიდა წერილი მიტროპოლიტი ლუკასი, რომელმაც სთხოვა მეუფე ანდრიას, რომ გაცნობოდა ამ წერილს და თუ შესაძლებლობა იქნებოდა ამ წერილს გაცნობოდნენ სხვა მღვდელმთავრებიც.

მეუფემ ჩათვალა საჭიროდ, რომ ასევე ოფიციალურად პასუხი გაეცა ამ წერილზე და ამ მიზეზით იქნა გაგზავნილი. ანუ, ინიციატორი ამ წერილისა არ ყოფილა მეუფე ანდრია.  ლუკა არის მიტროპოლიტი, რომელიც თხუთმეტივე მართმადიდებელი ეკლესია აღიარებს, ანუ დღეს რომ აღნიშნული მღვდელმთავარი ჩავიდეს სამსახურებლად თხუთმეტივე ეკლესიაში მას მიიღებენ და ამსახურებენ იქ, იმიტომ რომ მისი კანონიკური გასამართლება არ მომხდარა.

ჩვენი წერილი გაგზავნილი იქნა, უკრაინის მოქალაქე მიტროპოლიტის მიმართ, იმიტომ რომ ის დაბადებულია და გაზრდილია უკრაინაში, მისი სამღვდელო დასიც და მისი მრევლიც შეადგენს უკრაინის მოსახლეობას. ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანების ზოგიერთმა ჯგუფმა არაკეთილსინდისიერად გამოიყენა ეს წერილი, დაანაწევრა და ასევე არაკეთილსინდისიერად მიაწოდა საზოგადოებას.

ეს იმის მანიშნებელია, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც არიც მსოფლიოში და ჩვენს სიახლოვეს და ეს პოლიტიკური წესრიგი, რომელიც ახლოსაც კი არ არის ეკლესიასთან და მართმადიდებლურ სულისკვეთებასთან, ცდილობენ შემოიტანონ ეკლესიის წიაღში და ასე შეეცადნონ განხეთქილება შექმნან, როგორც შიდა საეკლესიო სივრცეში, ასევე ადამიანებს შორის, რომლების ეკლესიის გარეთ არიან" - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მხარდაჭერა გამოუცხადა და მიტროპოლის წერილი გაუგზავნა. აღნიშნული ინფორმაცია მოსკოვის საპატრიარქომ თავის ოფიციალურ გვერდზე სხვა მხარდამჭერ განცხადებებთან ერთად გამოაქვეყნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი