გიული ალასანიას თქმით, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა სახალხო დამცველის კონსილიუმის მძიმე დასკვნა მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მისივე თქმით, დასკვნა დაერთვება იმ დოკუმენტაციას, რომელი სტრასბურგის სასამართლოსთვის მზადდება:
"ვფიქრობ, რომ არის ობიექტური და ნამდვილად ასახავს იმ სურათს, რომელსაც მე ყოველდღე ვხედავ. დღეში ორჯერ შევდივარ უკვე მერამდენე თვეა და ამას ვხედავ. მძიმეა ეს დასკვნა, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელ არ იყო.
მოგვეცემა შესაძლებლობა ალბათ, რომ ეს დასკვნაც დავურთოთ იმ საბუთებს, რომელიც გვაქვს და მივცეთ შემდგომი მსვლელობა, რომ იქნებ კიდევ მოვახერხოთ გადარჩენა ჩემი შვილის" ამბობს გიული ალასანია.
სახალხო დამცველის კონსილიუმმა დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა. კონსილიუმის შეფასებით, გამოხატულია მძიმე სარკოპენია, პაციენტმა დაიკლო კიდევ 4 კილოგრამი კუნთების განლევის ხარჯზე. სისუსტის გამო არ შეუძლია გადაადგილება.
ექიმების თქმით, პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში და წონის კიდევ უფრო მეტი კლების შედეგად, ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება.